21 თებერვალს, რეჟისორ გიორგი (გოგი) თოდაძეს 75 წელი შეუსრულდებოდა, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ეროვნული სასახლის ,,თეატრალურ დარბაზში” საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ: გოგი თოდაძის მეგობრები, კოლეგები ასევე მის მიერ დაარსებული სკოლა-სტუდია ,, ბერიკების” აღზრდილები. ქეთევან კიკნაძემ, ლიკა ქობულაძემ, ნინო კასრაძემ, ნიკა წულუკიძემ, ავთანდილ ვარსიმაშვილმა, ია სუხიტაშვილმა და გიორგი ბახუტაშვილმა ისაუბრეს გოგი თოდაძის პედაგოგიურ და სარეჟისორო მოღვაწეობაზე და მისი შემოქმედება გაიხსენეს.
საღამოზე მოსულმა სტუმრებმა ასევე იხილეს ვიდეო ნაწყვეტები, თოდაძის ისეთი ცნობილი სპექტაკლებიდან, როგორიცაა: “ეზოში ავი ძაღლია” და „ნეაპოლი მილიონერთა ქალაქი“. ,,დიდი სიყვარულით და პატივისცემით… სამუდამოდ დარჩებით საქართველოს თეატრისა და ეროვნული სასახლის ისტორიაში… სამუდამოდ იქნებით ასობით ადამიანის აღმზრდელი და ყოველთვის იქნებით ჩემს გულში… ძალიან დაგვაკლდებით… მინდა გქონდეთ იმედი, რომ ყველაფერს ისე გავაკეთებ, როგორც დაგპირდით” – განაცხადა საღამოზე სიტყვით გამოსვლისას ეროვნული სასახლის დირექტორმა, თიკა რუხაძემ.
მსახიობი, რეჟისორი და საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო მიმართულების ასოცირებული პროფესორი, გიორგი (გოგი) თოდაძე იყო ღირსების ორდენის კავალერი და მრავალი თეატრალური პრემიის მფლობელი, ასევე არაერთი ფესტივალის მონაწილე და პრიზიორი (რუსეთი, გერმანია, ინდოეთი, იაპონია, კორეა, მონაკო). ხანგრძლივი კარიერის მანძილზე მოღვაწეობდა კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში, დადგმული აქვს 100-მდე სპექტაკლი. აქტიურად ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას და მის მიერ დაარსებულმა სტუდია ,,ბერიკებმა” საქართველოში მსახიობების არაერთი თაობა აღზარდა. გიორგი (გოგი) თოდაძე ასევე იყო ეროვნული სასახლის სამხატვრო ხელმძღვანელი. გიორგი (გოგი) თოდაძე გარდაიცვალა 2020 წლის 23 იანვარს, 74 წლის ასაკში.