30 იანვარს, მოსწავლე – ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში ჟურნალისტიკით დაინტერესებული ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის ნინო შუბლაძის მედიასკოლის ღია კარის დღე – პრეზენტაცია გაიმართა.
ეროვნული სასახლის დირექტორმა თიკა რუხაძემ ისაუბრა მედიასკოლის მნიშვნელობაზე, ახალგაზრდების მზარდ ინტერესზე ამ სფეროსადმი, აღნიშნა, რომ სასახლეს უახლოეს მომავალში თავისი ციფრული მედია, ტელევიზია ექნება, ყურადღება გაამახვილა ნინო შუბლაძის საავტორო მედიასკოლის მრავალმხრივ და ტევად სასწავლო პროგრამაზე. სასახლის აღზრდილს, ყოფილ „პიონერფილმელს“ წარმატება უსურვა მისმა პედაგოგმა, „პიონერფილმის“, აუდიო-ვიზუალური მიმართულების ხელმძღვანელმა გრიგოლ ჩიგოგიძემ: „ ნინო შუბლაძე მე-5 კლასში იყო, როცა სასახლეში მოვიდა და მას შემდეგ არ მოსცილებია კამერასა და მიკროფონს“.
ნინო შუბლაძემ მედიასკოლის სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ მედიისა და მასობრივი კომუნიკაციის სხვადასხვა მიმართულების თეორიულ და პრაქტიკულ კურსზე, მნიშვნელოვან ასპექტზე ისაუბრა, მრავალრიცხოვანი აუდიტორიის, მოსწავლეებისა და მშობლების კითხვებს უპასუხა.