14 დეკემბერს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში პირველი მუსიკალური ფესტივალის „თაობა“ გალა კონცერტი და ლაურეატთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული ნაწარმოებები და მათი ავტორები. საუკეთესო ნაწარმოებები, რომელთა ავტორებმა საპრიზო ადგილები დაიკავეს, შეასრულეს
სასახლის მუსიკალური მიმართულების ანსამბლებმა „მზიური“, „წითელქუდა“, „იები“, ვოკალურმა ჯგუფებმა, სოლისტებმა. საკონკურსოდ წარმოდგენილი ნაწარმოებები შეაფასა, როგორც პროფესიულმა, ისე ახალგაზრდულმა ჟიურიმ.
ნომინაციაში „საუკეთესო საბავშვო სიმღერა“ გაიმარჯვა კომპოზიტორ ნიკოლოზ ვასაძის ნაწარმოებმა „როცა გჯერა“, (ლექსის ავტორი – ნასყიდაშვილი ნინო), სიმღერა ახალგაზრდა ავტორმა თვითონ შეასრულა, მასვე გადაეცა ახალგაზრდული ჟიურის პრიზი.
ნომინაციაში „საუკეთესო პატრიოტული სიმღერა“ გაიმარჯვა კომპოზიტორ ირინე მაისურაძის სიმღერამ „ჩვენ-მომავალი“ (ლექსის ავტორი – ლალი ჯაფარაშვილი), რომელიც ანსამბლმა „მზიურმა“ შეასრულა.
სასახლის მუსიკალური ფესტივალის ხელმძღვანელია კომპოზიტორი კახა ცაბაძე. ჟიურის წევრები- მუსიკათმცოდნე მაია დათუნაშვილი, მუსიკოსი, კომპოზორი ეკა კახიანი, მუსიკოსი მაია ჯაბუა, კომპოზიტორი, მუსიკოსი სოფიო ტოროშელიძე, კომპოზიტორი მიხეილ მდინარაძე, კახა ცაბაძე.
ფესტივალის მიზანია ახალი ქართული სასიმღერო მუსიკალური ნაწარმოებების შექმნა და ახალგაზრდებში თანამედროვე ქართული სიმღერის პოპულარიზაციის ხელშეწყობა.
ეროვნული სასახლის მუსიკალური ფესტივალი 2018 წელს პირველად ტარდება და სამომავლოდ, ორ წელიწადში ერთხელ გაიმართება.