31 მარტს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულმა სასახლემ, ქართული სიმღერის ფესტივალს “იმერეთის ხმა” უმასპინძლა.
ეროვნული სასახლის თეატრალურ დარბაზში, ფესტივალის სხვადასხვა წელს გამარჯვებული მონაწილეებისა და სასახლის მუსიკალურ-ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით ერთობლივი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე, ეროვნული სასახლის დირექტორმა, თიკა რუხაძემ მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა, მან იმერეთის მუნიციპალიტეტებიდან ჩამოსულ ახალგაზრდა მომღერლებს და სასახლის აღსაზრდელებს წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ კულტურული ურთიერთობებისა და ქართული მუსიკის ტრადიციები უწყვეტად გაგრძელდება.
კომპოზიტორმა, მარიკა კვალიაშვილმა ფესტივალის მნიშვნელობაზე და მისი არსებობის განმავლობაში მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა და ფესტივალის გუნდს მადლობა გადაუხადა ქართული სიმღერის პოპულარიზაციისთვის და ნიჭიერი მომღერლების აღმოჩენისთვის.