18 ნოემბერს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გაიმართა არაფორმალური განათლების ორგანიზაციების სტრატეგიული პარტნიორობის ფორუმი, რომელშიც მონაწილეობენ საქართველოს მასშტაბით მოქმედი მრავალპროფილიანი სასწავლო, კულტურული, სპორტული, სკოლისგარეშე, არაფორმალური განათლების ორგანიზაციები. ფორუმის მონაწილეებმა განიხილეს ურთიერთთანაშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები, შეაჯამეს გაწეული საქმიანობა და დასახეს კოორდინირებული მუშაობის გზები, სამომავლო აქტივობები და პროექტები.
ეროვნული სასახლის დირექტორმა, თიკა რუხაძემ ისაუბრა არაფორმალური განათლების აღიარების საკითხზე, შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შესაქმნელად არაფორმალური განათლების სფეროს სპეციალისტების მონაწილეობით სამუშაო ფორმატის, ჯგუფის შექმნაზე; ასევე, სასახლეში მიმდინარე ცვლილებებზე, მნიშვნელოვან პროექტებსა და ახალ სერვისებზე, სწავლების თანამედროვე მეთოდიკაზე. მონაწილეებს შორის გაიმართა აქტიური დისკუსია, აზრთა გაცვლა-გამოცვლა არაფორმალური განათლების გამოწვევებზე, აქტუალურ საკითხებზე.