11 მაისს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში მოსწავლეთა 73-ე სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია გაიმართა.
კონფერენცია ნოდარ დუმბაძის დაბადებიდან 90–ე წლისთავს მიეძღვნა. ტრადიციულ ყოველწლიურ კონფერენციაში საქართველოს მასშტაბით მოქმედი საჯარო, კერძო, სრული და არასრული სკოლების, გიმნაზიებისა და კოლეჯების VIII – XII კლასების მოსწავლეები, მოსწავლე – ახალგაზრდობის სახლების, ახალგაზრდული ცენტრებისა და სკოლის გარეშე დაწესებულებების წრეებისა და კლუბების წევრი მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მონაწილეებმა კონფერენციის 20 სექციაში მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სხვადასხვა სფეროში შემოიტანეს 700 -მდე ნაშრომი, დასკვნით ტურზე კი წარმოდგენილი იყო 301 თემა. მოსწავლეთა ნამუშევრები მეცნიერებმა და სხვადასხვა სფეროს სპეციალისტებმა შეაფასეს.
კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ეროვნული სასახლის ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულების ხელმძღვანელმა ნიკოლოზ წულუკიძემ, პაატა ბურჭულაძემ და ფონდ „იავნანას“ წარმომადგენელმა თეონა ჯორბენაძემ, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორმა- კობა გელაშვილმა. კლასიკური გიმნაზიის პედაგოგმა- მაია ცაგარელმა, 2019 წლის მასწავლებლის გლობალურ ჯილდოზე ათეულში გასულ გურიის სოფელ ჩიბათის საშუალო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა ლადო აფხაზავამ და სხვებმა.
კონფერენციის დასასრულს წარმატებული მონაწილეები დაჯილდოვდნენ პირველი, მეორე ხარისხის დიპლომებით და სიგელებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დიპლომებით, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“, სხვა პარტნიორი ორგანიზაციების, სასახლის მეცენატთა და მეგობართა კლუბის წევრების მიერ დაწესებული პრიზებით და საჩუქრებით.
კონფერენციის პარტნიორი ორგანიზაციებია: ქალაქ თბილისის მერია, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემია, საქველმოქმედო ფონდი “იავნანა”, წმიდა ანდრია პირველწოდებულის უნივერსიტეტი და საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკა. 73-ე სასწავლო- შემოქმედებითი კონფერენციის ხელმძღვანელია ნათელა ჩხეიძე.
კონფერენციის დასასრულს გაიმართა ნოდარ დუმბაძის მოთხრობის მიხედვით დადგმული სპექტაკლი “ჰელადოსი” – სკოლა-სტუდია „ბერიკები“ – რეჟისორი გიორგი თოდაძე.