11:00-18:00
(+995 32) 299 75 07

სიახლეები

კლასიკური ვოკალის სტუდია მარიამ ნაჭყებიასთან ერთად
24.12.2017

 

20 დეკემბერს, ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში გაიმართა ცნობილი საოპერო მომღერლის მარიამ ნაჭყებიას სტუდიის „კლასიკური ვოკალის სტუდია მარიამ ნაჭყებიასთან ერთად" პრეზენტაცია.
ეროვნული სასახლის დირექტორმა, თიკა რუხაძემ ისაუბრა სასახლეში პირველი ვოკალური სტუდიის მნიშვნელობაზე, მომავალი თაობის სწორად აღზრდის აუცილებლობაზე მიმდინარე მოვლენების ფონზე, - "შესაძლოა, ამ სტუდიის ყველა მოსწავლე დიდი მომღერალი არ გამოვიდეს, მაგრამ ისინი კარგ მსმენელებად, კარგ ადამიანებად აღიზრდებიან". მარიამ ნაჭყებიამ მადლობა გადაუხადა ეროვნულ სასახლეს, მის დირექტორს, აღნიშნა, რომ ამ სტუდიაში მოზარდები ისწავლიან კლასიკურ მუსიკას, განუვითარდებათ ვოკალური მონაცემები, დაესწრებიან საოპერო წარმოდგენებს. 
მომღერალს სტუდიის პრეზენტაცია მიულოცეს ცნობილმა საოპერო მომღერლებმა ანიტა რაჭველიშვილმა, ოთო ჯორჯიკიამ, თეიმურაზ გუგუშვილმა, მუსიკოსმა, პედაგოგმა გულიკო კარიაულმა, კომპოზიტორმა ნუნუ გაბუნიამ და სხვებმა. 
თბილისის ზ.ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტმა, ოთო ჯორჯიკიამ და მარიამ ნაჭყებიამ შეასრულეს კომპოზიტორ ტოსტის ნაწარმოებები.
ახალი საოპერო სტუდია ხელს შეუწყობს ნიჭიერი ბავშვებისა და მოზარდების ვოკალური მონაცემების გამოვლენას, ნიჭისა და შესაძლებლობების განვითარებას. ისინი შეისწავლიან კლასიკურ სიმღერას, კლასიკურ ნაწარმოებებს. ცნობილი მომღერლები - ანიტა რაჭველიშვილი, ოთარ ჯორჯიკია, გიორგი გაგნიძე, თამარ ივერი, ნინო მაჩაიძე და სხვები ითანამშრომლებენ სტუდიასთან, პერიოდულად ჩამოვლენ თბილისში და ჩაუტარებენ ბავშვებს მასტერკლასებს.