11:00-18:00
(+995 32) 299 75 07

სიახლეები

ეროვნული სასახლის მუზეუმის საზეიმო გახსნა
26.12.2017

 

25 დეკემბერს ეროვნული სასახლის მუზეუმის საზეიმო გახსნის ცერემონიალი გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის,სარეზერვო ფონდის, საქართველოს ეროვნული მუზეუმის, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სასახლის აღზრდილი ხელოვნების, კულტურის სფეროს ცნობილი წარმომადგენლები. საზეიმო გახსნის ცერემონიალში მონაწილეობდნენ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი,განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი გვილავა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი გიორგი ჟურული, პრეზიდენტის პრესსპიკერი ეკა მიშველაძე. საქართველოს ეროვნული სასახლის დირექტორმა თიკა რუხაძემ მუზეუმის დიდ მნიშვნელობასა და პროექტის განხორციელების ეტაპებზე ისაუბრა, მადლობა გადაუხადა მის თანამონაწილეებსა და მხარდამჭერებს, აღნიშნა, რომ ეს ისტორიული პროექტის პირველი ეტაპია, ექსპოზიცია თანდათან კიდევ უფრო გაფართოვდება, გამდიდრდება. საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოვიდნენ სასახლის წარმატებული აღზრდილები: საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა დარჩია, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი. სტუმრებმა დაათვალიერეს მუზეუმში წარმოდგენილი სასახლის ისტორიასა და მნიშვნელოვან მოვლენებთან დაკავშირებული უნიკალური ექსპონატები, ნივთები, ხელოვნების ნიმუშები, პორტრეტები, არქიტექტურული ნახაზები, მაკეტები, ავეჯი, სამკაული და ჭურჭელი, სიმბოლური დანიშნულების მქონე ნივთები, ავეჯი, სამუზეუმო სტენდები, სასახლის მოსწავლეების მიერ სხვადასხვა დროს შექმნილი გამორჩეული ნამუშევრები. პროექტი შემუშავდა ეროვნული სასახლისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლობით, პროექტის განხორციელება დაიწყო 2017 წელს. ეროვნული სასახლის ინიციატივით და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით მომზადდა ელექტრონული და ბეჭდური კატალოგი, სასახლისადმი მიძღვნილი ფილმი. საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით მოხდა ისტორიული ავეჯის რესტავრაცია და სამუზეუმო სტენდების დამზადება.პროექტის მიზანია წარმოაჩინოს სასახლის უნიკალური შენობა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომლის 200 წლიანი ისტორია, საქმიანობა, წარსული და დღევანდელობა მჭიდროდაა დაკავშირებული ქვეყნის ისტორიასთან.