11:00-18:00
(+995 32) 299 75 07

სიახლეები

ეროვნული სასახლე პირველ მუსიკალურ ფესტივალს იწყებს
04.04.2018

 

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე პირველ მუსიკალურ ფესტივალს იწყებს. ამასთან დაკავშირებით, დღეს, პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, რომელზეც მერის მოადგილემ, სოფიო ხუნწარიამ და ეროვნული სასახლის დირექტორმა, თიკა რუხაძემ ფესტივალის ორგანიზატორებთან ერთად დეტალებზე ისაუბრეს. 

ფესტივალის მიზანია ხელი შეეწყოს ახალ თაობაში სახელოვნებო დარგების და კერძოდ, სასიმღერო ხელოვნების განვითარებას, მუსიკალური რეპერტუარის მუდმივ განახლებას, ქართული სასიმღერო ნაწარმოებების შექმნას და თანამედროვე ქართული სიმღერის პოპულარიზაციას.

გარდა ამისა, ფესტივალის იდეაა თანამედროვე კომპოზიტორებისა და პოეტების მოზიდვა ახალი საბავშვო სიმღერების შესაქმნელად, რადგან ტრადიციულად, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის  მუსიკალური კოლექტივებისათვის ყოველთვის იქმნებოდა თანადროული საბავშვო და ახალგაზრდული  მუსიკალური ნაწარმოებები.

„იმედი მაქვს, რომ შემოგვიერთდება ძალიან ბევრი კომპოზიტორი და პოეტი, რომლებიც შექმნიან ახალ, ქართულ საბავშვო რეპერტუარს, რადგან დღესდღეობით ძალიან მწირია ეს რეპერტუარი. ვიმედოვნებ, რომ ის, რაც ახლა შეიქმნება, მომავალ თაობებს დარჩება", - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

 ფესტივალში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ  სიმღერის (მუსიკის ან/და ლექსის) ავტორებს ასაკის შეუზღუდავად. ფესტივალის დებულების შესაბამისად, მონაწილემ უნდა  წარმოადგინოს   ახალგაზრდულ და საბავშვო თემატიკაზე შექმნილი სასიმღერო ნაწარმოები. მონაწილე ავტორების მიერ წარმოდგენილ ახალ სიმღერებს შეასრულებენ ეროვნული სასახლის მუსიკალური მიმართულების სხვადასხვა სოლისტები, ჯგუფები და მუსიკალური ანსამბლები.

სასახლის პირველი მუსიკალური ფესტივალის ფინალი  - გალა კონცერტი  და გამარჯვებულთა დაჯილდოება შემოდგომაზე გაიმართება. მუსიკალურ  ფესტივალში  მონაწილეობის მსურველებისათვის საბუთების მიღება დაიწყებულია. განაცხადები მიიღება მიმდინარე წლის 31 მაისის ჩათვლით.