11:00-18:00
(+995 32) 299 75 07

ისტორია

მოსწავლე-ახალგაზრდობის (მეფისნაცვლის; მიხეილის; პიონერთა.) სასახლეს 200- წლოვანი ისტორია აქვს. იგი საქართველოს დედაქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული შენობაა როგორც ისტორიული, ასევე არქიტექტურული თვალსაზრისით. მდებარეობს რუსთაველის გამზირზე (№6), მთავარი ფასადით გამზირს გადაჰყურებს, დასავლეთიდან და სამხრეთიდან კი ვრცელი ბაღი აკრავს.

საქართველოში რუსული ხელისუფლების დამყარებას თბილისში მთავარმართებლის (კარლ კნორინგი) დანიშვნა მოჰყვა. საჭირო იყო მისთვის რეზიდენციის აშენება, სადაც უნდა განთავსებულიყო კანცელარია. საამისოდ შეირჩა მაშინდელი თბილისის გარეუბანი, კალაუბნის მისადგომები, ქართველ მეფეთა საგვარეულო ბაღები, სადაც 1802 წელს სახელდახელოდ ააგეს მცირე, უხარისხო შენობა. თუმცა 1807 წელს შენობა დაანგრიეს და ახლით შეცვალეს. ეს გახლდათ რუსული კლასიციზმის ნიმუში, იმდროინდელი თბილისის ყველაზე გრანდიოზული და თვალსაჩინო ნაგებობა, რომელსაც ახალი ხელისუფლების ერთგვარი სიმბოლოს მნიშვნელობაც ენიჭებოდა.

სასახლის შენობა რამდენჯერმე გადააკეთეს. 1818 წელს იგი დაანგრიეს და არქიტექტორ ბრაუნმილერის პროექტით ახალი შენობა ააგეს. სწორედ მისი ფასადი ჩანს 1821 წლის თბილისის პანორამაზე _ ის, რომელსაც ჩვენ ფოტოსურათებითაც ვიცნობთ. შენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. წინანდელი, შედარებით მცირე ოთახების ნაცვლად, შეიქმნა დიდი მისაღები დარბაზები, მთავარმართებლის პირადი აპარტამენტები, კაბინეტები, საბილიარდო, მოხელეთა ოთახები, ე.წ. ,,ზამთრის ბაღი" და სხვ. თავდაპირველი საადმინისტრაციო სახლი მთავარმართებლის ნამდვილ სასახლედ, რეზიდენციად იქცა.

1844 წელს, კავკასიაში მეფისნაცვლის თანამდებობის შემოღების შემდეგ, სასახლე, როგორც მასშტაბით, ისე გარეგნულად ვეღარ აკმაყოფილებდა მეფის თვითმპყრობელობის წარმომადგენელთა ამპარტავნულ მოთხოვნილებებს. რაც უფრო მაღალ და ძლიერ წრეს ეკუთვნოდა იგი, მით უფრო მეტი ბრწყინვალება უნდა ჰქონოდა მის რეზიდენციასაც. სწორედ ამიტომ რუსეთიდან მოიწვიეს არქიტექტორი, აკადემიკოსი ნიკოლოზ სემიონოვი, რომელიც იმ დროის პეტერბურგში საკმაოდ ცნობილი ადამიანი ყოფილა. 1845-47 წლებში სემიონოვმა საფუძვლიანად შეცვალა მთელი ამ სასახლის იერსახე და, ფაქტობრივად, კლასიციზმის სტილში ააშენა ერთობ საინტერესო და უნიკალური შენობა. მის მიერ სასახლის საფუძვლიანი გადაკეთების შედეგად, როგორც აღვნიშნეთ, შენობის გარეგნობამ კლასიციზმისთვის დამახასიათებელი ატრიბუტები შეიძინა, კერძოდ _ პორტიკი დორიული ფრონტონით; მეორე სართულის გვერდითა ნიშებში ჰერკულესისა და მინერვას სკულპტურები, რომლებიც სიმბოლურად განასახიერებდა ახალი ხელისუფლების ძალასა და სიბრძნეს. ამავე პერიოდში გაშენდა ხეივნებიანი და ფანჩატურიანი ბაღიც, აიგო შადრევნებიანი აუზი. მთლიანად ამ პარკს ,,სასახლის ბაღი" ეწოდა და იქ მხოლოდ მაშინდელი უმაღლესი საზოგადოების ვიწრო წრეს ჰქონდა შესვლის უფლება.

 

1850-იანი წლების მიწურულს მეფისნაცვლისთვის ახალი, უფრო გრანდიოზული სასახლის აშენება მოინდომეს მაშინდელ ,,გუნიბის მოედანზე", სადაც ამჟამად საქართველოს მთავრობის სასახლე დგას. თუმცა პროექტის განხორციელება ვეღარ მოახერხეს და ისევ ძველი სასახლის გადაკეთება გადაწყვიტეს. 1865 წელს თბილისში მოღვაწე შვედმა ხუროთმოძღვარმა, ოტო იაკობ სიმონსონმა შენობის საფუძვლიანი რეკონსტრუქცია დაიწყო და 4 წელიწადში დაასრულა. 1869 წელს მეფისნაცვლის სასახლემ თავისი საბოლოო ფორმა მიიღო _ ისეთი, როგორიც არის დღესდღეობით და რომელშიც მოსწავლე-ახალგაზრდობა ეუფლება ცოდნას. სიმონსონმა საგრძნობლად გაზარდა ნ. სემიონოვის მიერ აშენებული სასახლე და მას სრულიად ახლებური იერი მიანიჭა. მოხსნა სვეტები, სკულპტურები; გაადიდა და დაამატა დარბაზები; მთლიანად შეცვალა ინტერიერი, მისაღები; სარკეებით გააწყო დიდი დარბაზი. მანვე მთლიანად შეცვალა ბაღის იერსახე, დაამატა ულამაზესი კიბე და კეთილმოაწყო ეზო (სწორედ ამ ეზოშია გადაღებული ქართული ფილმი „ქეთო და კოტე"). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სასახლის ინტერიერი, XIX საუკუნის თბილისური სასახლეების ტრადიციებისამებრ, კლასიცისტურ ორდერთან ერთად, გვიანირანული არქიტექტურისთვის დამახასიათებელ ელემენტებსაც შეიცავს (დიდ ფოიეში, მეფისნაცვლის მისაღებსა და კაბინეტებში _ სტუკოს ორნამენტები და სარკეები, სტალაქტიტებიანი ნიშები და ფრიზები და ა.შ.).

აღნიშნულ სასახლეში ათწლეულების განმავლობაში წყდებოდა ქვეყნის პოლიტიკური საკითხები: 1917 წლიდან სასახლეში ამიერკავკასიის სეიმი იყო განთავსებული. 1918 წლის 26 მაისს მის თავზე საქართველოს ეროვნული დროშა აფრიალდა _ ნოე ჟორდანიას მთავრობამ ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. შემდგომში კი, ორი დღის შემდეგ, აქვე გამოაცხადეს დამოუკიდებლობა სომხეთმა და აზერბაიჯანმა. ამ სასახლეში ფუნქციონირებდა ნოე ჟორდანიას კაბინეტი და  1921 წლის 21 თებერვალს აქვე მიიღეს საქართველოს კონსტიტუცია. გასაბჭოების შემდეგ, 1921 წლის თებერვლიდან ყოფილ მეფისნაცვლის სასახლეში მუშაობდა საბჭოთა საქართველოს მთავრობა. საინტერესო ფაქტი: 1932-1937 წლებში ამ შენობაში ცხოვრობდა სტალინის დედა, კეკე გელაძე, რომელიც გარდაცვალების შემდგომ აქედანვე გაასვენეს და მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს. 1937 წელს, ლავრენტი ბერიას თაოსნობით, ეს შენობა თბილისელ ბავშვებს გადაეცა და ეწოდა ,,პიონერთა და მოსწავლეთა სახლი", თუმცა სასახლის ოფიციალური გახსნა 1941 წლის 2 მაისს მოხდა და სწორედ ეს თარიღი მიიჩნევა მის დაბადების დღედ. აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი წერდა: ,,დიდი საშვილიშვილო საქმე გაკეთდა, შენობა ბავშვებს გადაეცათ. ამიერიდან ეს სასახლე გადაიქცევა ჩვენი მომავალი თაობის აღზრდის ნამდვილ კერად."

მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე მრავალპროფილიანი, საგანმანათლებლო და სასწავლო დაწესებულებაა, რომელიც თავისი მოქნილი სტრუქტურით, მრავალი მიმართულებით ემსახურება სასკოლო ასაკის მოზარდისა და ნებისმიერი ინტერესის მქონე ბავშვის არასასწავლო, თავისუფალი დროის გონივრული გამოყენებისა და სკოლისშემდგომი დამატებითი განათლების მიღების საქმეს.

დღეს სასახლეში 4500-მდე მოზარდია დარეგისტრირებული. მათი უმრავლესობა 2,3 ან მეტ წრეზე დადის, აქედან გამომდინარე, სასახლე წლის განმავლობაში 7000-ზე მეტ ბავშვსა და მოზარდს ემსახურება. არაფორმალური, კეთილგანწყობითი გარემო, სწავლების ცვალებადი ფორმა, საკუთარი არჩევანის დამოუკიდებლად გაკეთების შესაძლებლობა ხელსაყრელ პირობებს ქმნის მოსწავლეთა თვითრეალიზაციისა და თვითდამკვიდრებისათვის, შესაძლებლობების სრულად წარმოჩენის, შეძენილი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების, მიზანსწრაფული, მოტივირებული, პასუხისმგებლობის გრძნობისა და მაღალი კომპეტენციის პიროვნებად ჩამოყალიბებისათვის.

 

 

ეროვნული სასახლის ბიბლიოთეკა

ეროვნული სასახლის ბიბლიოთეკას დიდი ხნის ისტორია აქვს. იგი ჯერ კიდევ სასახლის დაარსებამდე შეიქმნა და 35 წლის განმავლობაში ითვლებოდა ბავშვთა ცენტრალურ ბიბლიოთეკად (მდებარეობდა კომუნარების ბაღში, ამჟამად 9 აპრილის ბაღი).1941 წლიდან ბავშვთა ცენტრალური ბიბლიოთეკა, მთელი თავისი უნიკალური წიგნებითა და უმდიდრესი ინვენტარით, გადაეცა მაშინდელ პიონერთა სასახლეს. იმ დროისთვის სასახლის ბიბლიოთეკაში 30 000 წიგნი იყო. ბიბლიოთეკას აქვს სამკითხველო დარბაზი და წიგნსაცავი. დღეისათვის წიგნსაცავში 100 000 წიგნი ინახება. მათ შორის ბევრია ისეთი, რომელიც ბიბლიოგრაფიულ იშვიათობას წარმოადგენს. საცავში ინახება, ასევე, უძველესი საბავშვო პერიოდული გამოცემები: "ჯეჯილი" და "ნაკადული".

ბიბლიოთეკა ემსახურება 3000 მკითხველს, რომელთა უმრავლესობა სასახლის წრეების და კლუბების მოსწავლეები არიან.ბიბლიოთეკაში სისტემატურად ტარდება სხვადასხვა წიგნის განხილვა, პოეზიის საღამოები, კონკურსები, ვიქტორინები, შეხვედრები მწერლებსა და გამომცემლებთან. ეწყობა წიგნის კვირეულები, საბავშვო წიგნისა და პერიოდიკის გამოფენები, რომლებიც ხელს უწყობს საბავშვო მწერლობის პოპულარიზაციას, კავშირების დამყარებას გამომცემლებსა და ავტორებთან.