11:00-18:00
(+995 32) 299 75 07

კულტურის დიპლომატიის ახალგაზრდული აკადემია

2017 წლის 26 ნოემბერს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში კულტურის დიპლომატიის ახალგაზრდული აკადემია დაარსდა. ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერა მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის, ევროპის კულტურის პარლამენტის, საერთაშორისო მოძრაობის "ევროპის სულისთვის", ნიდერლანდების სამეფოს კულტურის ფონდ „კავკასიის“ და საქართველოს ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მიერ. კულტურული დიპლომატია, როგორც რბილი ძალა, წარმოადგენს იდეების, ინფორმაციის, ხელოვნების და კულტურის სხვა ასპექტების გაცვლას მოქალაქეებსა და ქვეყნებს შორის, რათა ხელი შეეწყოს ორმხრივ ურთიერთგაგებას. ხოლო საქართველო, როგორც მულტიკულტურული ქვეყანა, მის საზღვრებში მცხოვრებ ეთნიკურ ჯგუფებს შორის დიალოგის ხელშეწყობის განსაკუთრებული საჭიროების წინაშე დგას. 

 

აკადემიის ფარგლებში, ევროპის კულტურის პარლამენტის წევრები წელიწადში ერთხელ შეიკრიბებიან საქართველოში, რათა საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდებს წაუკითხონ ინტერაქციული ლექციები ევროპული კულტურისა და ფასეულობების შესახებ. მონაწილეთა შერჩევა მოხდება ექსპერტთა საბჭოს მიერ ახალგაზრდების მიერ გამოგზავნილი სამოტივაციო წერილების საფუძველზე. კულტურული დიპლომატიის აკადემიის მნიშვნელოვანი ნაწილია კულტურული პროგრამა, პროექტში მონაწილე ახალგაზრდების აქვთ შესაძლებლობა ნახონ ფილმები, დაესწრონ სპექტაკლებს, დაათვალიერონ გამოფენები. 

26-27 ნოემბერს გაიმართა აკადემიის პირველი სესია, რომლის ფარგლებშიც ეროვნული სასახლის მოსწავლე ახალგაზრდებმა მოისმინეს ინტერაქტიული ლექციები ევროპის კულტურის პარლამენტის დამფუძნებლის, ელჩის, კარლ ერიკ ნორმანის, ამავე პარლამენტის სენატორის, გრაფინია მარი-ლუის ფონ პლესენის, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორის დავით ლორთქიფანიძის, ნიდერლანდების სამეფოს კულტურის საერთაშორისო ფონდის „კავკასია“ პრეზიდენტის ლევან ხეთაგურის, წინანდლის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის დირექტორის დავით საყვარელიძის და გამოჩენილი ქართველი ხელოვანის რუსუდან ფეტვიაშვილის მიერ.