წიგნის „ ქეთევან ანანიაშვილის სამყაროში“ პრეზენტაცია
16 დეკემბერი 2016 წ.

 

16 დეკემბერს,  მოსწავლე - ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის  სარკეებიან დარბაზში გაიმართა ცნობილი პედაგოგის,  ლიტერატორის, სასახლის ქართული ლიტერატურის კაბინეტის გამგის ქეთევან ანანიაშვილის  ხსოვნისადმი, დაბადებიდან 105-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო  ,,მე სხვა სახელი არ მესახება უფრო წმინდა და უფრო ნათელი",  მისი მოღვაწეობისადმი მიძღვნილი  წიგნის „ ქეთევან ანანიაშვილის სამყაროში"  პრეზენტაცია. ,,ლიტერატურის მოყვარულთა" წრის   მოსწავლეებმა  წაიკითხეს  ფრაგმენტები ქეთევან ანანიაშვილის   ლიტერატურული წერილებიდან, ჩანახატებიდან, მისი სახელოვანი მოწაფეების მოგონებები, სტუმრებს საინტერესო კითხვებით მიმართეს.  თაობების აღმზრდელი  პედაგოგი,  სასახლეში გატარებული წლები  გაიხსენეს    კულტურის, მეცნიერების სხვადასხვა სფეროს ცნობილმა მოღვაწეებმა. აღინიშნა, რომ პედაგოგმა ტოტალიტარიზმის ეპოქაში თავისუფალი სულის შემოქმედების  არაერთი თაობა  აღზარდა. წიგნის„ ქეთევან ანანიაშვილის სამყაროში"   შემდგენელმა, სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა, გეოლოგმა თამაზ ლომინაძემ განაცხადა, რომ   დედის, ქეთევენ ანანიაშვილის ბიბლიოთეკიდან უნიკალურ  წიგნებს ქართული ლიტერატურის კაბინეტში არსებულ მუზეუმს გადასცემს. მუსიკალური ნომრები შეასრულეს  სასახლის  მუსიკალური სტუდიის მოსწავლეებმა.