პროექტი „ქალაქი-ბიბლიოთეკა“
04 მაისი 2017 წ.

 

4 მაისს,  მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული  სასახლის ისტორიულ  ბაღში, ელექტრონული წიგნების სახლმა „საბამ", თბილისის მერიამ და პრეზიდენტის ფონდმა საზოგადოებას წარუდგინეს ერთობლივი პროექტი „ქალაქი-ბიბლიოთეკა".   გამომსველელებმა - ქალაქ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მწერალმა რატი ამაღლობელმა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა, „თიბისი  ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი ჯაფარიძემ   ამ მასშტაბური პროექტის მნიშვნელობასა და მიზანზე,  საზოგადოების, განსაკუთრებით მომავალი თაობის, განათლებისა და წიგნიერების დონის  ამაღლების,   კითხვის პოპულარიზაციის  აუცილებლობაზე ისაუბრეს.  გაიმართა  პროექტის  კლიპის პრეზენტაცია,  ეროვნული სასახლის  ბაღში საზეიმოდ გაიხსნა  ელექტრონული ბიბლიოთეკის სტენდი.

„ქალაქი-ბიბლიოთეკა" სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობას აძლევს, თბილისის მასშტაბით 300 სხვადასხვა ადგილას განთავსებული ელექტრონული ბიბლიოთეკებიდან უფასოდ ჩამოტვირთოს „საბას" ელექტრონული და ხმოვანი წიგნები თავის სმარტფონში და საჩუქრად მიიღოს მრავალფეროვანი პირადი ბიბლიოთეკა. „ქალაქი - ბიბლიოთეკა" თბილისის ერთგვარი ლიტერატურული გზამკვლევი გახდება, რომელიც დედაქალაქს „ღია ცის ქვეშ ბიბლიოთეკად" აქცევს.