ფსიქოლოგიის კაბინეტი

თანამედროვე მეცნიერებათმცოდნეობის მონაცემებით, ფსიქოლოგიის ადგილი მეცნიერებათა შორის სრულიად განსხვავებულია. მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ფსიქოლოგი და ლოგიკოსი, ჟან პიაჟე მიიჩნევს, რომ ფსიქოლოგიას ცენტრალური პოზიცია უჭირავს სხვა მეცნიერებებს შორის, რადგან იგი შეისწავლის აზროვნებას. ხოლო ყოველი მეცნიერება, ფაქტობრივად, განხორციელებული აზროვნებაა.


კურსის გავლის შემდეგ მოზარდს ექნება გარკვეული წარმოდგენა ფსიქოლოგიის მეცნიერების შესახებ, გაეცნობა ფსიქიკური პროცესების თავისებურებებს, ფსიქოლოგიის დარგებს. შესაბამისად, მოზარდი უფრო მეტად გაერკვევა საკუთარ შინაგან სამყაროში. ამის შედეგად იგი იოლად დაძლევს საკუთარ შფოთვებს, სტრესებს, აუმაღლდება თვითშეფასება (გარდატეხის ასაკში ეს, როგორც წესი, დაქვეითებულია), გაერკვევა შინაგანი და გარე კონფლიქტების არსში, დახვეწს კომუნიკაციურ უნარებს, ისწავლის კონფლიქტის მართვას.


შესაბამისი ფსიქოლოგიური სავარჯიშოებისა და ტესტირებების საშუალებით მოზარდს გამოუმუშავდება კრიტიკული აზროვნების, ანალიზის, ცოდნის მუდმივი განახლების უნარი; ზნეობრივი ღირებულებების შეცნობის და მათი დამკვიდრებისადმი სწრაფვის სურვილი; დაგროვილი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების ჩვევა.


ფსიქოლოგიის კაბინეტმა თავისი მრავალწლიანი არსებობის მანძილზე ბევრი თაობა გამოზარდა ამ ცოდნითა და უნარებით. ამიტომაც უძღვნა მას მისმა აღზრდილმა ნინო ნაზღაიძემ ასეთი სიტყვები: ,,სასახლეში მე ჩემი წილი სამოთხე ვიპოვე..."

ფსიქოლოგიის შემსწავლელთა წრე