ქართული ენისა და ლიტერატურის კაბინეტი

კაბინეტის მიზანია, ქართული ენისა და ლიტერატურის შესწავლით დაინტერესებულ მოსწავლეებს შეაცნობინოს ქართული სიტყვის ფენომენი, ისიც, რატომ არის ენა რჯულისა და მამულის ტოლფასი. დაუმეგობროს წიგნს და სიღრმისეულად გააცნოს მხატვრული ენისა და ლიტერატურის ნიმუშები. რათა თავისუფლად, გამართულად და ხატოვნად  ჩამოაყალიბონ და არგუმენტირებულად დაიცვან საკუთარი აზრი, გამოიმუშაონ მართლწერისა და მართლმეტყველების ჩვევები.


ყოველწლიურად იგეგმება ტრადიციული ღონისძიებები: საენათმეცნიერო ლექცია-საუბრების ციკლი; სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია; გრამატიკულ-შემეცნებითი საათი; დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული; „მწერალთა გახსენება", „დღენი სახსოვარნი", ლექსით ალავერდობა; „ვკითხულობთ ვეფხისტყაოსანს", „საჭაშნიკო დღე", „ცეროდენა კალმოსნები"; შემოქმედებითი პრეზენტაცია „ჩემი პირველი წიგნი" და სხვ.


„ლიხს იქით და ლიხს აქეთ - საქართველო გიყვარდეს" - ამ პროექტის ფარგლებში შეისწავლება ამა თუ იმ კუთხის მცხოვრებთა სამეტყველო ლექსიკა-დიალექტი; მწერლების ნაწარმოებები, კუთხის ისტორია, რელიეფი, ტრადიციები, წეს-ჩვეულებები (სასახლის შესაბამისი კაბინეტების დახმარებით, ერთობლივად).


ქართული ენისა და ლიტერატურის კაბინეტის დაარსებას დიდად შეუწყვეს ხელი აკადემიკოსმა არნოლდ ჩიქობავამ და პროფესორმა ივანე გიგინეიშვილმა. აქ ეზიარებოდნენ ქართული სიტყვის მადლსა და ლაზათს ხელოვნებისა და კულტურის თვალსაჩინო მოღვაწენი.

ქართული ენის გრამატიკის შემსწავლელთა წრე
ენის მოყვარულთა წრე
ლიტერატურის მოყვარულთა წრე