პლანეტარიუმი

 

1965 წელს სასახლის ასტრონომიის კაბინეტში გაიხსნა პლანეტარიუმი, რომელიც 50 წელია უამრავ მოსწავლეს მასპინძლობს. ის   საქართველოს მასშტაბით  უნიკალურია.

პლანეტარიუმში, სადაც დამონტაჟებულია საქართველოში უნიკალური გერმანული ფირმის „კარლ ცეისის" აპარატურა, წლის განმავლობაში სისტემატიურად ტარდება სასწავლო-შემეცნებითი ლექცია-გაკვეთილები საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებისათვის.

პლანეტარიუმის აპარატი საშუალებას გვაძლევს დავინახოთ ვარსკვლავებით მოჭედილი ღამის ცა, დავაკვირდეთ პლანეტებისა და ვარსკვლავების დღე-ღამურ და წლიურ მოძრაობებს. წარმოვიდგინოთ, როგორი იქნება ეს მოძრაობები დედამიწის პოლუსებზე, ეკვატორზე და საშუალო განედებზე მყოფი ადამიანებისათვის, თვალსაჩინოდ წარმოვადგინოთ ჰორიზონტიდან  მზის სიმაღლის ცვლილება წლის განმავლობაში, რაზეც დამოკიდებულია წელიწადის დროები, სიცხე და სიცივე.

სასახლის პლანეტარიუმში შეგვიძლია ვნახოთ ისეთი არაჩვეულებრივი ციური მოვლენები, როგორიცაა პოლარული ნათება, მზისა და მთვარის დაბნელება, ვიხილოთ პლანეტა ვენერას, მთვარის და დედამიწის ტროპიკების პანორამები ფერადი დიაპოზიტივების საშუალებით. თვალსაჩინოდ წარმოვადგინოთ ციურ სხეულთა ფიზიკური ბუნება.

პლანეტარიუმში ჩატარებული ლექციები ეხმარება მოსწავლეებს ასტრონომიის, ფიზიკის, გეოგრაფიისა და ბუნების სასწავლო პროგრამებით გათვალისწინებული საკითხების უკეთ ათვისებაში, ასევე ეხმარება მოსწავლეებს სრული წარმოდგენა  ჰქონდეთ  ასტრონომიულ მეცნიერებაზე, ჩვენს ირგვლივ არსებულ სამყაროზე, მის აგებულებაზე, წარმოშობასა და ევოლუციაზე.

ასტრონომიის კაბინეტს დაარსების დღიდან დიდ დახმარებას უწევდა ასტრო-ფიზიკური ობსერვატორიის დირექტორი, აკადემიკოსი ევგენი ხარაძე. მისი უშუალო ხელმძღვანელობით კაბინეტის წრის წევრები ყოველ ზაფხულს აწყობდნენ სასწავლო ექსპედიციებს აბასთუმნის ასტრო-ფიზიკურ ობსერვატორიაში, აკვირდებოდნენ ციურ სხეულებს და ამუშავებდნენ თემებს მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენციისათვის. კაბინეტში არაერთი  წარმატებული მოღვაწე აღიზარდა.