ვახტანგ ქარსელაძის სახელობის საჭადრაკო სკოლა

1941 წელს სასახლის დაარსებისთანავე ფუნქციონირება დაიწყო ჭადრაკის კაბინეტმა, რომლის პირველი გამგე იყო საქართველოს სამგზის და თბილისის ოთხგზის ჩემპიონი, სპორტის ოსტატი ნიკოლოზ სოროკინი. სხვადასხვა წლებში ჭადრაკის კაბინეტს ხელმძღვანელობდნენ ცნობილი ოსტატები: არჩილ ებრალიძე, ალექსანდრე ბლაგიძე, თენგიზ გიორგაძე. 1970 წლიდან მას ხელმძღვანელობს მსოფლიოს ორგზის ვიცე–ჩემპიონი, ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის მფლობელი, ექვსგზის ოლიმპიური ჩემპიონი, თორმეტი ოლიმპიური ოქროს მედლის მფლობელი ნანა ალექსანდრია.

 

ყველაზე დიდი წვლილი ქართული საჭადრაკო ფენომენის ჩამოყალიბებაში მიუძღვის ვახტანგ ქარსელაძეს. სწორედ ამიტომ, 1979 წელს საჭადრაკო  სკოლას ეწოდა ვახტანგ ქარსელაძის სახელი.

 

2003 წელს სასახლის საჭადრაკო სკოლასთან შეიქმნა საჭადრაკო კლუბი „ნტნ“, სასახლეში აღზრდილი სამი ყველაზე სახელგანთქმული დიდოსტატის: ნონა გაფრინდაშვილის, ტიგრან პეტროსიანის და ნანა ალექსანდრიას სახელების პატივისცემის ნიშნად, ხოლო 2014 წლის 25 მაისს საქართველოს მოსწავლე–ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის  წინ გაიხსნა ვარსკვლავი – „საჭადრაკო სკოლა, კლუბი „ნტნ“.

 

საჭადრაკო კლუბის დაარსებამ საშუალება მისცა ნიჭიერ ახალგაზრდა მოჭადრაკეებს მონაწილეობა მიეღოთ უაღრესად პრესტიჟულ ქალთა და ვაჟთა ევროპის საკლუბო თასების გათამაშებაში. კლუბ „ნტნ“–ის გოგონათა ნაკრებმა გუნდმა ოთხჯერ წარმატებით იასპარეზა ევროპის ქალთა საკლუბო თასის გათამაშებაში, აქედან ორჯერ მოიპოვა ევროპის თასი.


ტელეფონი: 298-78-69

ჭადრაკის წრე