11:00-18:00
(+995 32) 299 75 07

სიახლეები

პროექტი „გურიელი თავისუფალი საქართველოსთვის“
25.05.2018

24 მაისს საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გაიმართა საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაფუძნების 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი პროექტის „გურიელი თავისუფალი საქართველოსთვის" და ჩაის ქართული ბრენდის „გურიელის" საიუბილეო გამოშვების ,,პრინცი გურიელი - საიუბილეო 100'' წარდგენა. 

კომპანია „გეოპლანტის" დირექტორმა მიხეილ ჭკუასელმა მადლობა გადაუხადა ეროვნულ სასახლეს, მის დირექტორს იმისთვის, რომ მთელ საქართველოში გამორჩეული სადღესასწაულო დარბაზი დაუთმეს და პირველივე დღიდან აქტიურად არის ჩართული პროექტში „გურიელი თავისუფალი საქართველოსთვის", - მეტად სიმბოლურია, რომ ამ მნიშვნელოვანი პროექტის, 200 -წლოვანი ტრადიციული ქართული პროდუქტის წარდგენა იმ ისტორიულ დარბაზში, ისტორიულ კედლებში ხდება, სადაც 100 წლის წინ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა". 
სასახლის დირექტორმა თიკა რუსაძემ პროექტის ეროვნულ მნიშვნელობასა და მასში სასახლის აქტიურ მონაწილეობაზე ისაუბრა: „ასეთი ეროვნული კრეატიული პროექტები, ახალი ბრენდების წარდგენა ისტორიულ საიუბილეო დღეებში აძლიერებს და აერთიანებს საზოგადოებას, მთელ ქვეყანას"; ასევე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ სასახლის აღზრდილი, ბიზნესმენი მიხეილ ჭკუასელი და კომპანია „გეოპლანტი" სასახლის გამორჩეული ერთგული პარტნიორია და თანამდგომია, მეცენატთა კლუბის წევრი.