ისტორია:
ეროვნული სასახლე კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრია, რომელიც 1941 წლის 2 მაისს გაიხსნა. იგი განთავსებულია თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე არსებულ არქიტექტურულ კომპლექსში. თავისთავად შენობის ისტორია XIX საუკუნიდან იწყება. პირველი შენობა 1802 წელს აშენდა და ამიერკავკასიის მთავარმართებლის კარლ კნორინგის რეზიდენცია განთავსდა. ის დღევანდელი სასახლის იერსახისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა. 1844 წლიდან მეფისნაცვლის თანამდებობის შემოღებასა და მიხეილ ვორონცოვის მეფისნაცვლად დანიშვნას სასახლის არქიტექტურული იერსახის ცვლილებაც მოჰყვა.
1918-21
1918 წლის 26 მაისს, 16:50 საათზე, სწორედ გოლოვინის პროსპექტზე მდებარე სასახლეში გაიხსნა საქართველოს ეროვნული საბჭოს პირველი სხდომა, რომლის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია გახლდათ. მან სხდომის წევრებსა და კანდიდატებს „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი“ გააცნო, რომელიც ეროვნულმა საბჭომ ერთხმად დაამტკიცა.
დამოუკიდებელი ქვეყნის დროშა სწორედ კავკასიის მეფისნაცვლის სასახლის თავზე აღმართეს და საქართველო ოფიციალურად გამოაცხადეს დემოკრატიულ რესპუბლიკად. სასახლე ხშირად იყო მეზობელი ქვეყნების პოლიტიკურ-ეკონომიკური თუ კულტურული ცვლილებებისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მასპინძელი. 1918 წელს სომხეთისა და აზერბაიჯანის მთავრობებმა ამიერკავკასიის ადმინისტრაციულ-ეკონომიკურ ცენტრად აღიარებული ქალაქის, თბილისის ამ გამორჩეულ შენობაში იზეიმეს დამოუკიდებლობის გამოცხადება. ამ მოვლენების აღმნიშვნელი აბრა დღეს საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მთავარი დარბაზის კედელს ამშვენებს. საქართველოს პირველი კონსტიტუციაც სასახლეში მიიღეს. ეს მოხდა 1921 წლის 21 თებერვალს, ხოლო ერთი კვირის თავზე, საქართველოს დამოუკიდებლობა დასრულდა – 25 თებერვალს რუსეთის წითელი არმია თბილისში შემოვიდა. ამ დროიდან მოყოლებული, დამოუკიდებლობა წართმეული ქვეყნის მთავარი შენობა მაინც არ კარგავდა ფუნქციას: სასახლეში ხან რევკომი მუშაობდა, ხან ამიერკავკასიის ფედერაციული მთავრობა.
„პიონერთა სასახლე“
1937 წელს სასახლე მოსწავლეთა აღზრდის ცენტრად გადაიქცა. მისი კეთილმოწყობისთვის 15 მილიონამდე მანეთი გამოყვეს. სარეკონსტრუქციო პროექტის დამუშავება კი თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის არქიტექტურულ სახელოსნოს დაავალეს. პროექტს არქიტექტორი არჩილ ქურდიანი ხელმძღვანელობდა. სასახლის სამასამდე ოთახსა და დარბაზში მოაწყეს სასწავლო კაბინეტები, ლაბორატორიები, სახელოსნოები, სპორტული და გასართობი დარბაზები. გახსნეს ლექტორიუმი, სამკითხველო დარბაზი, აღჭურვეს თეატრალური სცენა, თოჯინების თეატრი. ძველი სამეჯლისო დარბაზი ბავშვთა თეატრალური დარბაზით ჩაანაცვლეს, მეფისნაცვლის დიდი სასადილო ოთახი და მდიდრული სალონი კი ბავშვთა გასართობ და ე. წ. სარკეებიან და თეთრ დარბაზებად გადააკეთეს. 1941 წლის 2 მაისს შენობა პიონერთა და მოსწავლეთა რესპუბლიკური სასახლის სახელით გაიხსნა. მისი საკუთრება გახდა ბაღიც, რომელიც სასახლეს გარს ერტყა.
ეროვნული სასახლე
1991 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ეროვნულმა სასახლემ მუშაობა სკოლისგარეშე განათლების ცენტრის სახით გააგრძელა. 2015 წელს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტმა დააფუძნა ა(ა)იპ „მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე“, რომელიც აგრძელებს 83 წლიან ისტორიას და იმავდროულად წარმოადგენს თანამედროვე კულტურულ, სამეცნიერო, სასწავლო-საგანმანათლებლო დანიშნულების მქონე ლიდერ ორგანიზაციას, რომელშიც მოსწავლე-ახალგაზრდებთან ერთად ზრდასრულებიც იღებენ განათლებას. დღესდღეობით ეროვნულ სასახლეში 3000-მდე ბენეფიციარია რეგისტრირებული.
2020 წელს თბილისის მერიის ინიციატივით დაიწყო ეროვნული სასახლის შენობა-ნაგებობების სარეაბილიტაციო პროცესი, რომლის დასრულება იგეგმება 2024 წელს.