ეროვნული სასახლის ხანგრძლივმა ისტორიამ, მასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენების ამსახველი რარიტეტული მასალის არსებობამ, საშუალება მოგვცა, 2017 წლის 25 დეკემბერს, დამთვალიერებლებისთვის სასახლის ისტორიული მუზეუმი გახსნილიყო.
სასახლის შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ამ შენობაში ათწლეულების განმავლობაში წყდებოდა ქვეყნის პოლიტიკური საკითხები: 1917 წლიდან სასახლეში ამიერკავკასიის სეიმი იყო განთავსებული. 1918 წლის 26 მაისს მის თავზე საქართველოს ეროვნული დროშა აფრიალდა – ნოე ჟორდანიას მთავრობამ ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ორი დღის შემდეგ, 28 მაისს, აქვე გამოაცხადეს დამოუკიდებლობა აზერბაიჯანმა და სომხეთმა.
სასახლის ისტორიულ მუზეუმი მოიცავს 10 სამუზეუმო სივრცეს, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დაათვალიერონ უნიკალური ექსპონატები, ხელოვნების ნიმუშები, თანამედროვე მხატვრების მიერ შესრულებული ფერწერული ნამუშევრები, ქანდაკებები, არქიტექტორული ნახაზები, ანტიკვარული ავეჯი, სამკაული და ჭურჭელი, სიმბოლური დანიშნულების მქონე ნივთები და სხვა.
დარბაზებში გამოფენილია მეფისნაცვლის დროინდელი ნივთები, სასახლის დაარსების დღიდან მიღებული ჯილდოები და საჩუქრები, ცნობილი მხატვრის, ლადო გუდიაშვილის ესკიზის ასლები, სასახლის აღზრდილების მიერ შესრულებული ნახატები, ესკიზები, ქანდაკებები და მათ მიერ შეგროვილი მინერალები.
პროექტი შემუშავდა ეროვნული სასახლისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლობით, პროექტი ხორციელდება თბილისის მერიის მხარდაჭერით.