საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალი „თაობა“ არის ერთადერთი ქართული კინოფესტივალი, რომელიც 2018 წლიდან ხელს უწყობს ახალგაზრდა აუდიტორიის განვითარებას, მათი შესაძლებლობების წარმოჩენას, ქვეყანაში კინოგანათლების განვითარებას და საზღვარგარეთ ქართული კულტურის პოპულარიზებას.
ფესტივალის მისიაა ახალგაზრდების კრიტიკული, შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარების განვითარება და კინოხელოვნების საშუალებით მნიშვნელოვან სოციალურ საკითხებზე დიალოგის სტიმულირება.
წლების განმავლობაში „თაობამ“ მოიპოვა ევროპის ფესტივალების ასოციაციის ხარისხის ნიშანი, გახდა ევროპული კინოაკადემიის პროექტის „ახალგაზრდა აუდიტორიის ჯილდო“ ორგანიზატორი საქართველოში და ევროპის საბავშვო ფილმების ასოციაციის წევრი, დაამყარა თანამშრომლობა ათობით მსგავსი ტიპის ფესტივალსა და კინოგანათლების ორგანიზაციასთან მსოფლიოს მასშტაბით.
2018 წლიდან, საფესტივალო აქტივობებში ყოველდღიურად ასობით ახალგაზრდაა ჩართული. მონაწილეთა შერჩევა კონკურსის საფუძველზე ხდება, ახალგაზრდები უყურებენ მათთვის შერჩეულ ფილმებს, ერთვებიან დისკუსიებში, საგანმანათლებლო და გასართობ აქტივობებში.
პროექტი არაკომერციულია და განხორციელებულ ღონისძიებებში მონაწილეობა უფასოა.