ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე“ ახალგაზრდებისათვის შექმნილი უდიდესი კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრია, რომლის მისიაა, მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, შექმნას მომსახურების მაღალ სტანდარტებზე დაფუძნებული სივრცე, სადაც მოსწავლეებს არაფორმალური განათლების მეთოდებით შეეძლებათ მიიღონ სკოლისგარეშე დამატებითი განათლება.
ეროვნულ სასახლეში არსებული საგანმანათლებლო სერვისები მრავალფეროვანია და საერთაშორისოდ აღიარებულ, მდგრადი განვითარების კონკრეტულ მიზნებს ეფუძნება. ორგანიზაციის მიზანია ახალგაზრდებში ინდივიდუალური, ესთეტიური და შემოქმედებითი შესაძლებლობების განვითარება. სასახლეში არსებული სასწავლო-მეთოდური ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამები ახალგაზრდებს უვითარებს ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების, გადაწყვეტილებების მიღების, პრობლემის გადაჭრის, სოციალურ, თანამშრომლობით და სისტემური აზროვნების უნარებს. ეროვნული სასახლის წრეები, კლუბები, ფესტივალები და სხვა აქტივობები მოზარდებში ზრდის სამოქალაქო თვითშეგნებას, ხელს უწყობს შემოქმედებითი თუ სხვა უნარების განვითარებას, თვითრეალიზაციასა და სამომავლო პროფესიების შერჩევას.
ეროვნული სასახლის ხედვაა შექმნას კულტურულ - საგანმანათლებლო მომსახურების მაღალი სტანდარტი ქალაქისა და ქვეყნის მასშტაბით. გახდეს ახალგაზრდების ღირსეული პარტნიორი და ქალაქის კულტურული ცხოვრების განუყოფელი ნაწილი, სადაც საგანმანათლებლო პროცესში მოსწავლე თეორიულ ცოდნასთან ერთად შეიძენს პრაქტიკულ გამოცდილებასაც.