23 მარტს ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში მედიათეკის ორგანიზებით პირველი ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა. იგი მიზნად ისახავდა ხელი შეეწყო ახალგაზრდების ერთობლივი პროექტების ინიცირებას.
ფორუმი "თბილისის ახალგაზრდული კლუბის" ინიციატივით ჩატარდა, მასში მონაწილეობდნენ აღნიშნული კლუბის წევრები და მათი სკოლების მოსწავლეები. შეხვედრას თბილისის 16 სკოლის 50-მდე მოსწავლე ესწრებოდა.
ფორუმის ფარგლებში მოსწავლეებმა იმუშავეს ისეთ თემებზე როგორებიცაა: წიგნიერება, საგზაო უსაფრთხოება, პროფესიული განათლება, ეკოლოგია, ურბანული ცხოველები და ფრინველები.
შეხვედრა ორი ნაწილისგან შედგებოდა. პირველ ეტაპზე მოსწავლეებს შერჩეული თემის ირგვლივ ერთობლივი პროექტები უნდა დაეგეგმათ, ხოლო მეორე ეტაპზე მხარდამჭერის მოსაპოვებლად მოწვეული ორგანიზაციებისთვის უნდა წარედგინათ საკუთარი ნამუშევარი.
ფორუმს ესწრებოდნენ შემდეგი ორგანიზაციების წარმომადგენლები: „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“, „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“, "კავკასიის ველო ქსელი", „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი“, "ბუნების კონსერვაცია საქართველო", გამომცემლობა "დიოგენე", "წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია", "სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა".
ფორუმმა წარმატებით ჩაიარა, ხუთივე ახალგაზრდულმა პროექტმა სტუმრების მოწონება დაიმსახურა და მოსწავლეებმა მოწვეული ორგანიზაციის წარმომადგენლებისგან მხარდაჭერის პირობაც მიიღეს.
პროექტებზე მუშაობას თბილისის ახალგაზრდული კლუბის წევრები და მათი სკოლის მოსწავლეები ერთობლივად განაგრძობენ და მაისის ბოლომდე დაასრულებენ.
მადლობას ვუხდით ახალგაზრდულ ფორუმში მონაწილე თითოეულ მოსწავლეს, სკოლას და მხარდამჭერი ორგანიზაციის წარმომადგენლებს.