2 მაისს, ეროვნული სასახლის 84 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართა საზეიმო ღონისძიება, რომელიც სასახლის შიდა სივრცეში ჩატარდა და მოიცავდა როგორც მუსიკალურ წარმოდგენას, ასევე გამოფენას.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ:
დათუნა ალადაშვილი — ეროვნული სასახლის მხატვრული მიმართულების ხელმძღვანელი;
გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის სიმებიანი კვარტეტი - ხელმძღვანელი მირიან ხუხუნაიშვილი;
ეროვნული სასახლის ახალგაზრდული კაპელა (მუსიკალური მიმართულების ხელმძღვანელი: ომარ ბურდული);
ფოლკლორული ანსამბლი „დარიალი“ (ხელმძღვანელი: გიორგი მკერვალიძე);
ვოკალის მოსამზადებელი ჯგუფი — სიდონია იაკობაძე (პედაგოგი: მანანა ბალამწარაშვილი);
„მზიურის სკოლა“ — ხელმძღვანელი ქეთი გაბისიანი
საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყო ეროვნული სასახლის მუზეუმის კოლექციაში დაცული, სასახლის აღზრდილი წარმატებული მხატვრების ნამუშევრები.
ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს კულტურის მინისტრი, ქალბატონი თინათინ რუხაძე, რომელმაც ხაზი გაუსვა ეროვნული სასახლის, როგორც ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილის მნიშვნელობას:
„თქვენ იცით, როგორ მიყვარს სასახლე“.
მან გაიხსენა რვაწლიანი პროფესიული საქმიანობა, რომელიც ეროვნულ სასახლესთან აკავშირებს - მჭიდრო ურთიერთობა თანამშრომლებთან და აღსაზრდელებთან, ის მრავალმხრივი პროექტები, რომლებიც ამ პერიოდში განხორციელდა.
მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა სასახლის დირექტორს, ქალბატონ ნინა ყიფიანს:
„მადლობა ნინა ყიფიანს, რომელმაც არაჩვეულებრივად გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას.“
დასასრულს მინისტრმა აღნიშნა:
„სასახლე არის ადგილი, რომელიც მრავალი ადამიანის დიდი წარმატების საწინდარია.“
დღეს ეროვნული სასახლე კვლავ წარმოადგენს ქვეყანაში არაფორმალური განათლების უმნიშვნელოვანეს კერასა და კულტურის ცენტრს. ის ღირსეულად აგრძელებს თავის მთავარ მისიას - ახალგაზრდების განათლებასა და მათი შემოქმედებითი პოტენციალის ხელშეწყობას.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ:
თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი - ბატონი ირაკლი გვილავა;
საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე - ბატონი ვასილ ქარსელაძე;
კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მაკა გურგენიძე.