ეროვნულ სასახლეში “თბილისის ახალგაზრდული კლუბის” პრეზენტაცია გაიმართა
ეროვნულ სასახლეში “თბილისის ახალგაზრდული კლუბის” პრეზენტაცია გაიმართა
Mar 18, 2021
18 მარტს, ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში გაიმართა „თბილისის ახალგაზრდულ კლუბის“ პრეზენტაცია, რომლის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდობის მონაწილეობა სამოქალაქო საზოგადოების განვითარებასა და საგანმანათლებლო მიზნების განხორციელებაში. კლუბის წევრობა ნებაყოფლობითია. მასში გაწევრიანება შეუძლიათ 14-დან 18 წლამდე ახალგაზრდებს. მონაწილეთა შერჩევა მოხდება მათი სამოტივაციო წერილისა და გასაუბრების საფუძველზე.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ: თბილისის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი გვილავა, ეროვნული სასახლის დირექტორი თიკა რუხაძე, სასახლის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით ალადაშვილი, „PH International საქართველოს“ დირექტორი ბერდია ნაცვლიშვილი და „თბილისის ახალგაზრდული კლუბი“-ს ხელმძღვანელი სოფო ბაჩილავა.
თბილისის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის სახელით კლუბის წევრებს სიტყვით მიმართა ირაკლი გვილავამ, რომელმაც ახალგაზრდებს წარმატება უსურვა და ინიციატივების აქტიურად გამოხატვისკენ მოუწოდა. ეროვნული სასახლის დირექტორი თიკა რუხაძე მიესალმა კლუბის შექმნის იდეას, ისაუბრა სასახლის კულტურულ -საგანმანათლებლო პროექტების მნიშვნელობაზე და მათში ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობაზე. სასახლის სამხატვრო ხელმძღვანელი, დავით ალადაშვილი, ასევე მიესალმა ახალგაზრდა არტისტების გაერთიანების ინიციატივას იმისათვის, რომ დაეხმარონ იმ ახალგაზრდებს, რომელთაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდებათ მხარდაჭერა მომავალი საქმიანობის სწორად წარმართვაში. „თბილისის ახალგაზრდული კლუბის“ ხელმძღვანელმა სოფო ბაჩილავამ ვრცლად ისაუბრა ქვეყანაში სამოქალაქო განათლების აქტუალურობაზე, აღნიშნა, რომ ყოველივე ამან ხელი უნდა შეუწყოს მოსწავლეებს იმ უნარებისა და ჩვევების განვითარებაში, რომლებიც საჭიროა თანამედროვე საზოგადოებაში ინტეგრაციისა და ადაპტაციისთვის.
კლუბის საქმიანობა იყოფა საგანმანათლებლო და სამეურვეო მიმართულებად. საგანმანათლებლო მიმართულება მოიცავს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამას, დებატებსა და საჯარო დისკუსიებს ახალგაზრდებისათვის საინტერესო თემებზე, მოსწავლე-ახალგაზრდობის სამოქალაქო განათლების ხელშეწყობას, ახალგაზრდების, როგორც აქტიური მოქალაქეების გაძლიერებას, კლუბური ინიციატივების განხორციელების ხელშეწყობას და მათში ახალგაზრდების ინტენსიური ჩართულობის უზრუნველყოფას. „თბილისის ახალგაზრდული კლუბის“ საგანმანათლებლო მიმართულებას უხელმძღვანელებს სოფიო ბაჩილავა.
კლუბის სამეურვეო ნაწილში ჩართული იქნებიან საქართველოს წარმატებული ახალგაზრდები, რომლებიც კლუბის საპატიო წევრების სახით, მოსწავლეებთან ერთად განახორციელებენ კულტურულ, შემეცნებით და სხვადასხვა სახის სამოქალაქო აქტივობებს. მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ახალგაზრდები იზრუნებენ მომავალი თაობის სამოქალაქო განათლების ხელშეწყობაზე და ყველა პროექტი განხორციელდება ასაკობრივი თავისებურებებისა და ინტერესების გათვალისწინებით. „თბილისის ახალგაზრდული კლუბის“ სამეურვეო მიმართულებას უხელმძღვანელებს მუსიკოსი, პიანისტი, ეროვნული სასახლის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით ალადაშვილი.
პრეზენტაციის დასასრულს დასახელდნენ კლუბის საპატიო წევრები:
ნიკოლოზ რაჭველი (Unicef-ის კეთილი ნების ელჩი), ნატალია ქუთათელაძე, თამარ გურგენიძე, სანდრო კოტეტიშვილი, გიორგი მამარდაშვილი, ნინო სამადაშვილი, გიორგი ცაგარელი, პაპუნა შარიქაძე, ბექა გოჩიაშვილი, სანდრო გეგეჭკორი, გიორგი გიგაშვილი, სანდრო ნებიერიძე.
„თბილისის ახალგაზრდული კლუბი“ იქნება მნიშვნელოვანი პლატფორმა და კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტი, რომელსაც ეროვნული სასახლე ახალგაზრდული საქმიანობის განვითარებისა და მხარდაჭერისთვის ახორციელებს.
„თბილისის ახალგაზრდულ კლუბში“ წევრების მიღება დაიწყება 2021 წლის 20 მარტიდან.