11დეკემბერს, ეროვნულ სასახლესა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს ეროვნული სასახლის დირექტორმა, თიკა რუხაძემ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, ნანა დიხამინჯიამ.
მემორანდუმის მიზანია, ეროვნულ სასახლესა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის პარტნიორული თანამშრომლობის ჩამოყალიბება, არაფორმალური განათლების ხელშეწყობის გაზრდა, ტექნიკური მიმართულების, კერძოდ , არქიტექტურისა და დიზაინის საგნების, ასევე სხვა პროფესიული ორიენტაციისა და სასწავლო პროცესის გაუმჯობესების ხელშეწყობისათვის ერთობლივი მიზნობრივი სპეციალური სასწავლო-საგანმანათლებლო პრაქტიკული პროგრამების და თანამედროვე მიდგომების დანერგვა.
მემორანდუმი ასევე, ითვალისწინებს ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო და შემეცნებითი არასაგაკვეთილო აქტივობების შეთავაზებას და არაფორმალურ, სკოლისგარეშე სწავლებაში ჩართულ პედაგოგთა პროფესიული კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობას.
„მოხარული ვარ, რომ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ვაწერთ ხელს, ვითარდებით სხვადასხვა მიმართულებით. ეს სიახლე მოგვცემს საშუალებას, ახალგაზრდა თაობას შევთავაზოთ კიდევ უფრო მრავალფეროვანი პროექტები ხარისხიანი ცოდნის შესაძენად.”- განაცხადა ეროვნული სასახლის დირექტორმა, თიკა რუხაძემ.