არაფორმალური განათლების ორგანიზაციების სტრატეგიული პარტნიორობის VII ფორუმი ეროვნულ სასახლეში
არაფორმალური განათლების ორგანიზაციების სტრატეგიული პარტნიორობის VII ფორუმი ეროვნულ სასახლეში
Dec 7, 2020
2020 წლის 4 დეკემბერს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ინიციატივით ჩატარდა არაფორმალური განათლების ორგანიზაციების სტრატეგიული პარტნიორობის VII ფორუმი, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს მასშტაბით მოქმედი მრავალპროფილიანი სასწავლო, კულტურული, სპორტული, სკოლისგარეშე, არაფორმალური განათლების ორგანიზაციები, დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა დარჩია და დარგის მოწვეული ექსპერტები.
ფორუმს მიესალმნენ, თბილისის მერიის სახელით – ანდრია ბასილაია და თბილისის საკრებულოს სახელით – მარიკა დარჩია. მათ მადლობა გადაუხადეს ღონისძიების ორგანიზატორებსა და რეგიონების წარმომადგენლებს ფორუმში მონაწილებისათვის.
ფორუმის მოდერატორი ეროვნული სასახლის დირექტორი თინათინ რუხაძე იყო. მან ისაუბრა სასახლეში მიმდინარე ცვლილებებზე, ახალ სერვისებზე, სწავლების თანამედროვე მეთოდებსა და მნიშვნელოვან პროექტებზე. ხაზი გაესვა, სასახლის მიმდინარე კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტებისა და ფესტივალების აუცილებლობასა და მნიშვნელობას, არსებულ სიახლეებს, კერძოდ: ონლაინ რეგისტრაციის და სწავლების, სამოქალაქო განათლების, პროფესიული ორიენტაციის და სხვა პროგრამებს.
ფორუმის მსვლელობისას დარგობრივი პრეზენტაციები გამართეს ეროვნული სასახლის საგნობრივი მიმართულების ხელმძღვანელმა – ლია შენგელიამ და პროექტების სამსახურის უფროსმა – ლევან დვალმა. ყურადღება გამახვილდა მომავალი თაობის აღზრდაში პედაგოგიური რესურსის კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების საკითხებზე.არაფორმალური განათლების ექსპერტმა, ქეთევან გრიგოლიამ, ისაუბრა სფეროს როლზე, არსებულ საერთაშორისო პრაქტიკაზე და ახალგაზრდობის მოზიდვის მნიშვნელობაზე. მან განიხილა არაფორმალური განათლების თანამედროვე სტანდარტების თავისებურებები და საერთაშორისო პროგრამების დანერგვის მეთოდები.
დასასრულს, ფორუმის მონაწილეებმა განიხილეს რეგიონებში არაფორმალური განათლების სფეროში შექმნილი პრობლემები. გაიმართა დისკუსია პანდემიით გამოწვეული საკითხების გადაჭრის გზებზე და სხვა აქტუალურ თემებზე. ფორუმის მონაწილე ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ისაუბრეს ურთიერთთანამშრომლობის შემდგომ პერსპექტივებსა და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე.