1-5 ივნისს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე და საქართველოს ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ატარებს გოგი თოდაძის სახელობის „თბილისის საბავშვო და ახალგაზრდული თეატრების მეორე საერთაშორისო ფესტივალს“.
ფესტივალის ფარგლებში გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი „საქართველოს ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის“ ხელმძღვანელ ლევან ხეთაგურს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ,,ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ-მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის“ ხელმძღვანელ თამარ ლორთქიფანიძეს, ,,გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის" დირექტორ ნიკოლოზ საბაშვილსა და ეროვნული სასახლის დირექტორ თიკა რუხაძეს შორის.
პროექტის ორგანიზატორების მიერ შედგენილია პროგრამა, რომელშიც წელს მონაწილეობს იტალიის, ირანის, სომხეთის, აზერბაიჯანის, პოლონეთის და საქართველოს (თბილისი, ფოთი, მარნეული, ჩხოროწყუ, სამტრედია, ლაგოდეხი და ჩაქვი) სხვადასხვა საბავშვო და პროფესიული თეატრის 20-მდე სპექტაკლი. ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის ჩატარდება უცხოელების ვორქშოფები, როგორც თოჯინური, ასევე დრამატული თეატრის მიმართულებით. წარმოდგენები გაიმართება მოზარდ მაყურებელთა თეატრის, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თოჯინების სახელმწიფო თეატრის სივრცეებში, ასევე ღია ცის ქვეშ (ქუჩის წარმოდგენები).
ფესტივალი UNESCO-ს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის პატრონაჟით გაიმართება.