ეროვნული სასახლის ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ფესტივალის „თაობა“ - 2022-ის საზეიმო დახურვის ცერემონია გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა.
ფესტივალში მონაწილეობდნენ ეროვნული სასახლის ქორეოგრაფიული და ფოლკლორული მიმართულების ანსამბლები, რომლებიც მაყურებლის წინაშე მრავალფეროვანი პროგრამით წარდგნენ.
ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა: “ლაშქარი”, “იმედი”, “სიხარული” “შევარდენი”, “ფერხული“ „ბასიანი“, „თამარიონი“, „კავკასიონი“ შეასრულეს ქართული ხალხურ ცეკვები, წარმოადგინეს საინტერესო ქორეოგრაფიული დადგმები.
ფესტივალის ფარგლებში უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად ანსამბლმა ,,ლაშქარმა" შეასრულა უკრაინული ხალხური ცეკვა.
ფოლკლორულმა ანსამბლებმა : ,,რტონი“; ,,საუნჯე“; „ალიონი“; ,,კესანე“; ,,დარიალი“ შეასრულეს ქართული- ხალხური სიმღერები და მუსიკალური კომპოზიციები.
საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარემ, სასახლის ქორეოგრაფიული მიმართულების კონსულტანტმა - რეზო ჭანიშვილმა, შეაფასა სასახლის ქორეოგრაფიული ანსამბლების შემოქმედება, მათი ხელმძღვანელების ნამუშევარი, წარმატება უსურვა იმ თაობას, რომელმაც მსოფლიოს წინაშე უნდა წარმოაჩინოს „ქართული გენია, როკვით განფენილი“.
ფესტივალის მონაწილე ქორეოგრაფიულ და ფოლკლორულ ანსამბლებს დიპლომები და სამახსოვრო ჯილდოები გადაეცათ.