16 დეკემბერს, ეროვნული სასახლის ინიციატივით ჩატარდა არაფორმალური განათლების ორგანიზაციების სტრატეგიული პარტნიორობის IX ფორუმი, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს მასშტაბით მოქმედი მრავალპროფილიანი სასწავლო, კულტურული, სპორტული, სკოლისგარეშე, არაფორმალური განათლების ორგანიზაციები და დარგის მოწვეული ექსპერტები.
ფორუმის მოდერატორი ეროვნული სასახლის დირექტორი თინათინ რუხაძე იყო. მან ისაუბრა სასახლეში მიმდინარე ცვლილებებზე, ახალ სერვისებზე, სწავლების თანამედროვე მეთოდებსა და მნიშვნელოვან პროექტებზე. ხაზი გაესვა, სასახლის მიმდინარე კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტებისა და ფესტივალების აუცილებლობასა და მნიშვნელობას, არსებულ სიახლეებს, კერძოდ: ონლაინ რეგისტრაციის და სწავლების, სამოქალაქო განათლების, პროფესიული ორიენტაციის და სხვა პროგრამებს.
ფორუმის მსვლელობისას დარგობრივი პრეზენტაციები გამართეს ეროვნული სასახლის მეთოდური სამსახურის ხელმძღვანელმა- სოფო ბაჩილავამ და რებრენდინგის ჯგუფის ხელმძღვანელმა- ლუკა მჭედლიშვილმა. განიხილეს არაფორმალური განათლების თანამედროვე სტანდარტების თავისებურებები და საერთაშორისო პროგრამების დანერგვის მეთოდები.
დასასრულს, ფორუმის მონაწილეებმა განიხილეს რეგიონებში არაფორმალური განათლების სფეროში შექმნილი პრობლემები. ფორუმის მონაწილე ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ისაუბრეს ურთიერთთანამშრომლობის შემდგომ პერსპექტივებსა და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე.