კულტურის დიპლომატიის ახალგაზრდული აკადემიის IV სესია და სტრატეგიული პარტნიორობის VIII ფორუმი
კულტურის დიპლომატიის ახალგაზრდული აკადემიის IV სესია და სტრატეგიული პარტნიორობის VIII ფორუმი
Dec 11, 2021
9-10 დეკემბერს, ეროვნული სასახლის ინიციატივით გაიმართა კულტურის დიპლომატიის ახალგაზრდული აკადემიის რიგით მეოთხე სესია. პროექტის ფარგლებში, უცხოელმა ექსპერტებმა საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდებს წაუკითხეს ინტერაქტიული ლექციები და კულტურის სფეროში მიღებული საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.
სესიის თემა გახლდათ ,,კულტურის დიპლომატია და პანდემია“. მოწვეულმა სტუმრებმა ისაუბრეს მსოფლიოში არსებულ თანამედროვე გამოწვევების შესახებ, თუ რა გავლენა იქონია პანდემიამ კულტურის სხვადასხვა დარგებზე. ყურადღება დაეთმო პანდემიის დროს განხორციელებულ პროექტებს. ისაუბრეს ასევე ნოვაციებსა და კულტურის სფეროში 2022 წლისთვის დაგეგმილ პროექტებზე.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩატარდა, მონაწილე ახალგაზრდებს საშუალება მიეცათ მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.
კულტურის დიპლომატიის ახალგაზრდული აკადემია 2018 წელს ეროვნული სასახლის, ხელოვნების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის, ევროპის კულტურის პარლამენტის, ნიდერლანდების სამეფოს კულტურის საერთაშორისო ფონდის ,,კავკასია’’ (Stichting Caucasus Foundation) და მოძრაობა ,,ევროპის სულისთვის“ (A Soud For Europe) მხარდაჭერით ჩამოყალიბდა.
კულტურული დიპლომატია წარმოადგენს იდეების, ინფორმაციის, ხელოვნებისა და კულტურის სხვადასხვა ასპექტების გაცვლა-გამოცვლას მოქალაქეებსა და ქვეყნებს შორის, რათა უფრო მეტად შეეწყოს ხელი ორმხრივ ურთიერთგაგებას. ხოლო საქართველო, როგორც მულტიკულტურული ქვეყანა, მის საზღვრებში მცხოვრებ ეთნიკურ ჯგუფებს შორის დიალოგის ხელშეწყობის განსაკუთრებული საჭიროების წინაშე დგას.
————————————————————————————-
10 დეკემბერს, ეროვნული სასახლის ინიციატივით გაიმართა არაფორმალური განათლების ორგანიზაციების სტრატეგიული პარტნიორობის VIII ფორუმი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს მასშტაბით მოქმედი მრავალპროფილიანი სასწავლო, კულტურული, სპორტული, სკოლისგარეშე, არაფორმალური განათლების ორგანიზაციებმა. თანამედროვე სასწავლო მიმართულებები და მეთოდური განახლებების შესახებ ისაუბრა თბილისის ახალგაზრდული კლუბის ხელმძღვანელმა სოფო ბაჩილავამ. ეროვნული სასახლის მიერ 2022 წლისთვის დაგეგმილი პროექტები და პროგრამები წარმოადგინა მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის პროექტებისა და პროგრამების სამსახურის უფროსმა ლევან დვალმა.
ფორუმის მონაწილე ორგანიზაციებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გაეცნონ როგორც დარგის უახლეს ტენდენციებს სასწავლო მიმართულებების მიხედვით, ასევე მეთოდურ სიახლეებს სამოქალაქო განათლების, პროფესიული ორიენტაციის, სახელოვნებო და საგნობრივი მიმართულებების არაფორმალური აქტივობების კუთხით.
საქართველოს არაფორმალური განათლების ორგანიზაციების ფორუმი ტარდება 2014 წლიდან და მასში ტრადიციულად მონაწილეობას იღებს ქვეყნის მასშტაბით 40-ზე მეტი მრავალპროფილიანი სასწავლო, კულტურული, სკოლისგარეშე და არაფორმალური განათლების ორგანიზაცია. ფორუმი ტარდება ეროვნული სასახლის ორგანიზებით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხარდაჭერით.