გიორგი ცაგარელის შემოქმედებითი სახელოსნო – ეროვნული სასახლის ახალი პროექტი
გიორგი ცაგარელის შემოქმედებითი სახელოსნო – ეროვნული სასახლის ახალი პროექტი
Apr 20, 2021
ეროვნული სასახლე იწყებს ახალ პროექტს „შემოქმედებითი სახელოსნო“, მუსიკოსი გიორგი ცაგარელი ხელმძღვანელობით.
პროექტის მიზანია ახალგაზრდებში კამერული მუსიკის პოპულარიზაცია.
ამ ეტაპზე ახალგაზრდების მიღება მოხდება სამ ასაკობრივ კატეგორიაში, სიმებიანი კვარტეტის ფორმირებისათვის. მათ შორის სასწავლო-მოსამზადებელი ჯგუფები იქნება 13-15 წლისა და 16-18 წლის ახალგაზრდებისათვის, ხოლო 19 წელს ზემოთ შერჩეული ახალგაზრდები სასწავლო სეგმენტის გარდა მიიღებენ პროფესიულ მხარდაჭერას, რაც გულისხმობს მათ საკონკურსო თუ საკონცერტო ღონისძიებებში მაქსიმალურ ჩართულობას.
სახელოსნოში მიიღებიან სიმებიანი საკრავების (ვიოლინო, ალტი, ვიოლონჩელო) ახალგაზრდა შემსრულებლები.
მიღება/რეგისტრაცია გაგრძელდება 14 მაისს 18:00 საათამდე.
შემსრულებლების მოსმენა გაიმართება ეროვნულ სასახლეში 16 მაისს, კვირას, 12:00 საათიდან.
მუსიკოსი გიორგი ცაგარელი თავად უხელძღვანელებს სახელოსნოში მიმდინარე სასწავლო და საკონცერტო მუშაობას.
საკონკურსო პროგრამა
ვიოლინო
1. ი.ს. ბახი – სონატები და პარტიტები სოლო ვიოლინოსთვის (BWV 1001–1006) ერთ-ერთი ნაწილი;
2. პიესა ან კონცერტის ან სონატური ფორმის ერთი ნაწილი (შემსრულებლის სურვილისამებრ);
3. ფურცლიდან კითხვა.
ალტი / ჩელო
1. ი.ს. ბახი – 6 სუიტა ჩელოსთვის (BWV 1007-1012) ერთ-ერთი ნაწილი.
2. პიესა ან კონცერტის ან სონატური ფორმის ერთი ნაწილი შემსრულებლის სურვილისამებრ
3. ფურცლიდან კითხვა.
გიორგი ცაგარელი 2003-2014 სწავლობდა თბილისის, დეტმოლდის, ლაიფციგისა და ბაზელის კონსერვატორიებში.
როგორც სოლისტი თანამშრომლობდა ესტონეთის სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრთან, ბაზელის საფესტივალო ორკესტრთან, ლაიფციგის ახალგაზრდულ ორკესტრთან, რიეკას ოპერის სიმფონიურ ორკესტრთან, ტალინის ახალგაზრდულ სიმებიან ორკესტრთან, პიარნუს და ტესალონიკის სიმფონიურ ორკესტრებთან, აზერბაიჯანის სახელმწიფო ორკესტრთან, უკრაინის ნაციონალურ ფილარმონიულ ორკესტრთან, ამასთანავე თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან, საქართველოს სინფონიეტასთან, საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან და სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდთან.
ქონდა გამოსვლები ისეთ აღიარებულ სოლისტებთან ერთად, როგორიცაა გიდონ კრემერი, ნატალია გუტმანი, ანდრეს მუსტონენი, არიელ ცუკერმანი, მარინე იაშვილი, კოლია ბლახერი, ბორის ანდრიანოვი, ალექსანდრ ბუზლოვი, გიედრე დირვანაუსკაიტე, ქსენია ბაშმეტი, ანდრეას ზლაბისი, მიხაილ მუნტიანი, ანიტა რაჭველიშვილი, ბექა გოჩიაშვილი, გიორგი გიგაშვილი, მარიო სტეფანო პიეტროდარკი და სხვ. ასევე ითანამშრომლა საერთაშორისო საბალეტო სცენის ვარსკვლავთან – ნინო ანანიაშვილთან.
2014 წელს გიორგი ცაგარელს ნიკოლოზ რაჭველთან ერთად გია ყანჩელმა მიუძღვნა „18 მინიატიურა ვიოლასა და ფორტეპიანოსათვის“.
იგი გახლავთ ბერიოს, ფელდმანის, ქსენაკისის, სტრავინსკის, პენდერეცკის, ლიგეტის, პიარტის, ყანჩელის, მანსურიანის და სხვა კომპოზიტორების ვიოლასთვის შექმნილი ნაწარმოებების პირველი შემსრულებელი საქართველოში. 2008 წელს გიორგიმ შეასრულა სულხან ცინცაძის 1987 წელს შექმნილი ვიოლას კონცერტის მსოფლიო პრემიერა საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. ასევე მისი შესრულებით შედგა ზვიად ბოლქვაძის ნაწარმოების “In Memoriam“ (ვიოლას, სოპრანოს, მამაკაცთა გუნდისა და ორკესტრისათვის) პრემიერა, რომელიც შეიქმნა ეროვნული მუსიკალური ცენტრის დაკვეთით სპეციალურად გიორგი ცაგარელისთვის.
ტიგრან მანსურიანის ნაწარმოების „არიები ვიოლასა და ფორტეპიანოსათვის“ ქართული პრემიერა 2015 წელს შედგა გიორგი ცაგარელისა და თავად კომპოზიტორის შესრულებით.
2016 წლის იანვარში, გიორგი ცაგარელმა მიიღო უმაღლესი სახელმწიფო პრიზი – წინანდლის პრემია, გია ყანჩელის „სტიქსის“ საუკეთესო შესრულებისათვის, რომელიც შედგა ფესტივალი Young Euro Classic-ის ფარგლებში, ბერლინის კონცერტჰაუზში.
2019 წლიდან გიორგი ცაგარელი არის გრემის მფლობელი კამერული ორკესტრი „კრემერატა ბალტიკა“-ს მიწვეული სოლისტი, რომელსაც გიდონ კრემერი ხელმძღვანელობს.
2017 წელს გიორგი ცაგარელმა დააფუძნა სიმებიანი ორკესტრი Zagareli&Strings. ანსამბლი თანამშრომლობს Post Minimalist, Live Electronic, Ambient, Hip-Hop და კლასიკური მუსიკის არტისტებთან. მონაწილეობდა ისეთ ფესტივალებში, როგორიცაა: შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი, თბილისის Open Air ფესტივალი, ფრანკფურტის River Bank ფესტივალი, Sofar Sounds, არტარეას ფესტივალი და სხვ.
აღსანიშნავია მისი თანამშრომლობა ალექსანდრე კორძაიასთან A.K.A. Kordz, KayaKata, ნიკა მაჩაიძესთან A.K.A. Nikakoi, ნატალია TBA ბერიძესთან, ფრედერიკ რობინსონთან, ანუშკა ჩხეიძესთან, Tete Noise, VAZHMARR, DRO, Eko & Vinda Folio, Dilla, ერეკლე დეისაძე დანიკა კოჩაროვთან.
2020 წლიდან მუშაობს ახალ პროექტებზე ახალგაზრდა ქართველ მუსიკოსებთან: The Janngo, ნინი ნუცუბიძე, ანა დოი და ლიზა კერესელიძე.