თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის გაზაფხულის სეზონის პირველი კონცერტი გაიმართა
თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის გაზაფხულის სეზონის პირველი კონცერტი გაიმართა
Apr 9, 2021
8 აპრილს, გ. ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრმა, ეროვნული სასახლის თეატრალურ დარბაზში, 2021 წლის გაზაფხულის სეზონის პირველ კონცერტი გამართა.
ორკესტრს, საქართველოში და საზღვარგარეთ მოღვაწე ცნობილმა ქართველმა დირიჟორმა, გდანსკში პოლონეთის ბალტიური ფილარმონიის (Polish Baltic Philharmonic) სამხატვრო ხელმძღვანელმა, მაესტრო გოგი ჭიჭინაძემ უდირიჟორა. კონცერტის სოლისტი, ახალგაზრდა პიანისტი გიორგი გიგაშვილი იყო, რომელიც ცოტა ხნის წინ ლეგენდარული მარტა არგერიხის სტიპენდიანტი გახდა და აპრილში მონაწილეობას იღებს არტურ რუბინშტეინის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე.
პროგრამაში იყო: მოცარტის სიმფონია №39 და ბეთჰოვენის მე-5 საფორტეპიანო კონცერტი.
თაო-ს მესამე საკონცერტო სეზონზე მობრძანებულ სტუმრებს, ეროვნული სასახლის დირექტორი თიკა რუხაძე მიესალმა და ეროვნული სასახლისა და თბილისის გ. ყანჩელის ახალგაზრდული ორკესტრის სახელით მადლობა გადაუხადა მათ.
კონცერტს ესწრებოდა, თბილისის მერის პირველი მოადგილე ანდრო ბასილაია, რომელმაც მადლობა გადაუხადა ეროვნული სასახლის დირექტორსა და ახალგაზრდულ ორკესტრს გაწეული შრომისათვის და წარმატება უსურვა სამომავლო საქმიანობაში.
კონცერტზე მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ გია ყანჩელის ოჯახის წევრები.
აღსანიშნავია, რომ მიუხედავად მსოფლიოში შექმნილი მდგომარეობისა, ორკესტრმა პანდემიის პერიოდში, გასულ სეზონში, ბეთჰოვენის 250 წლისადმი მიძღვნილი ონლაინ საკონცერტო სერიები შესთავაზა მსმენელს.