ტიხრული მინანქრის პირველი ახალგაზრდული სიმპოზიუმი ეროვნულ სასახლეში
ტიხრული მინანქრის პირველი ახალგაზრდული სიმპოზიუმი ეროვნულ სასახლეში
Jul 26, 2021
19-25 ივლისს, ეროვნულ სასახლეში ტიხრული მინანქრის პირველი ახალგაზრდული სიმპოზიუმი ჩატარდა, რომელიც მინანქრის ხელოვნებისადმი ახალგაზრდების დაინტერესებას, მისი ისტორიისა და მიმდინარე, ახალი ტექნოლოგიური მიღწევების გაცნობას ისახავდა მიზნად.
აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებს, დეკორატიული და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულებით, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა, სოფიო ჩიტორელიძემ ჩაუტარა ლექცია, სადაც ისაუბრა მინანქრის ხელოვნებაში მიმდინარე ახალი ტექნოლოგიური მიდგომების შესახებ და ყურადღება გაამახვილა ეროვნული სასახლის როლზე აღნიშნული მიმართულების განვითარებაში.
„მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე უკვე ათწლეულებია ქართული კულტურისა და ხელოვნების განვითარებას ემსახურება. მათ შორის თანამედროვე ქართული ტიხრული მინანქრის ხელოვნების ჩამოყალიბებასა და წინსვლაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ეროვნული სასახლის დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების სახელოსნომ – „ჩუქურთმა“, რომელიც 1956 წლიდან არსებობს და ამ მნიშვნელოვან მიმართულებას არაერთი ხელოვანი აზიარა.“
სიმპოზიუმში ათი ახალგაზრდა ხელოვანი მონაწილეობდა, რომლებმაც თეორიულ ცოდნის მიღებასთან ერთად გაიუმჯობესეს პრაქტიკული უნარები.
26 ივლისს, სიმპოზიუმის დასრულების შემდეგ ეროვნულ სასახლეში მოეწყო მონაწილეთა ნამუშევრების გამოფენა. თანამედროვე მინანქრის ნიმუშების კოლექციის შექმნის მიზნით, ნაკეთობები ეროვნული სასახლის მუზეუმს გადაეცა, ხოლო მონაწილეებს დაურიგდათ სამახსოვრო კატალოგები.
სიმპოზიუმი ეროვნული სასახლის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულების, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების სახელოსნო „ჩუქურთმა“-ს პედაგოგების – საქართველოს დამსახურებული მხატვრის მიხეილ ცალქალამანიძისა და მხატვარ რუსუდან ცალქალამანიძის ინიციატივით ჩატარდა. მიხეილ ცალქალამანიძე 65 წელია ასწავლის უძველეს ქართულ საოქრომჭედლო ტრადიციებზე დაფუძნებულ ჭედურობისა და ოქრომჭედლობის ხელოვნებას, ტიხრულ მინანქარსა და ხეზე კვეთას. მისი ნამუშევრები დაცულია სხვადასხვა ქვეყნის გალერეებსა და კერძო კოლექციებში. მიხეილ ცალქალამანიძე არის საქართველოს დამსახურებული მხატვარი, სასახლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულების პედაგოგი, ტიხრული მინანქრის, ლითონზე და ხეზე კვეთის ოსტატი, საერთაშორისო და საკავშირო სიმპოზიუმების მონაწილე, „ღირსების ორდენის” კავალერი.