Tbilisi Piano Fest-ის მეორე საფორტეპიანო ფესტივალი
Tbilisi Piano Fest-ის მეორე საფორტეპიანო ფესტივალი
Sep 30, 2020
29 სექტემბერს, ,,არტოს ბაღში” Tbilisi Piano Fest-ის მეორე საფორტეპიანო ფესტივალი სიმფონიური მუსიკის კონცერტით დასრულდა, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელი/ პროექტის ორგანიზატორი საერთაშორისო პრემიების ლაურეატი, ქართველი პიანისტი დუდანა მაზმანიშვილია.
მსმენელის წინაშე ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით და ახალი თაობის ქართველი მუსიკოსები – გიორგი გიგაშვილი და ცოტნე ზედგინიძე წარდგნენ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ, დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, ეროვნული სასახლის დირექტორი თიკა რუხაძე, მუსიკისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები.
Tbilisi Piano Fest-ის ფარგლებში ეროვნულ სასახლეში 22 სექტემბრიდან 29 სექტემბრამდე მიმდინარეობდა საფესტივალო კონცერტები, მასტერკლასები, ვირტუალური ვორქშოფები, ლექციები.
მუსიკალურ შეხვედრებში მონაწილეობდნენ: ლეგენდარული პიანისტი ციპრიენ კაცარისი, ცნობილი მუსიკოსები – ჯერომ როუზი და ჯეფრი სუონი, მასიმილიანო ფერატი და გაბრიელე ლეპორატი, ახალგაზრდა წარმატებული ქართველი მუსიკოსები – ნიკოლას ნამორაძე და მარიამ ბაწაშვილი.
საფესტივალო მასტერკლასებსა და ვორქშოფებში მონაწილე ახალგაზრდა მუსიკოსებს საპატიო პრიზები და სიგელები გადაეცათ.
საგანმანათლებლო კომპონენტის სამი საუკეთესო მონაწილე, ასევე, დააჯილდოვა კლასიკური მუსიკის ხმის ჩამწერმა ბერლინურმა ლეიბლმა – Cugate Classics. კომპანია გიორგი გიგაშვილის, ასლან ჩიქოვანისა და სანდრო გეგეჭკორის პროფესიონალურ აუდიოჩანაწერებს დაამზადებს, ხოლო გიორგი გიგაშვილს, ასევე კომპაქტ-დისკის სრულ საპროდიუსერო მხარდაჭერას გაუწევს.
ფესტივალის ოფიციალური პარტნიორია მსოფლიო ბრენდი – BECHSTEIN, რომელმაც ფესტივალის ერთ-ერთ მთავარ თანაორგანიზატორს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეს საჩუქრად საკონცერტო როიალი გადასცა. თბილისის მერის მოადგილისა და სასახლის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, რეაბილიტაციის შემდეგ, სასახლის ერთ-ერთ სადღესასწაულო დარბაზს მიენიჭება „ბეხშტაინის“ სახელი.