18 მაისს, ეროვნული სასახლის მუზეუმსა და სიმონ ჯანაშიას მუზეუმების გადაწყვეტილებით, სახელმწიფო მუზეუმის საგამოფენო სივრცეში, ერთობლივი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე, ეროვნული სასახლის კოლექციიდან, თანამედროვე ქართველი მხატვრების ნამუშევრები გამოიფინა, რომელთა უმეტესობა სასახლეში აღიზარდა. მათ შორის წარმოდგენილი იყო გივი თოიძის, მამუკა მიქელაძის, ჟანრი ლოლაშვილის, დიმიტრი ერისთავის, ზურა გომელაურის, თემო გოცაძის, ოლეგ ტიმჩენკოს, რუსუდან ფეტვიაშვილისა და სხვათა ნამუშევრები.
ღონისძიებას დაესწრო საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, ეროვნული სასახლის დირექტორი თიკა რუხაძე, ასევე სტუმრებს შორის იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრების ავტორები და მათი ოჯახის წევრები, ეროვნული სასახლის აღსაზრდელები, სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები, კულტურის სფეროს ცნობილი წარმომადგენლები.
გამოფენა მუსიკალურად გააფორმეს ეროვნული სასახლის მევიოლინეთა ანსამბლ "სი-მი"-ის და ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლ ,,მზიურის" აღსაზრდელებმა.
18 მაისს, მსოფლიო, მუზეუმების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, რომელიც 1977 წლიდან მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) ინიციატივით ტარდება, მასში მსოფლიოს ათიათასობით მუზეუმი მონაწილეობს.
2022 წელს მუზეუმის საერთაშორისო დღის თემაა „მუზეუმების ძალა“.
მუზეუმებს აქვთ ძალა, გარდაქმნან სამყარო ჩვენს ირგვლივ.