25 ივლისს, რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ დარბაზში ცნობილი თეატრალური მოღვაწის, სცენარისტისა და რეჟისორის, რეზო გაბრიაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა.
კონცერტის ორგანიზატორები იყვნენ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე, გ.ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი და რუსთაველის ეროვნული თეატრი.
პროექტის იდეა ეკუთვნის სანდრო ყანჩელს და მიეძღვნა რეზო გაბრიაძის 85 წლის იუბილეს.
საღამოზე წარმოდგენილი იყო დმიტრი შოსტაკოვიჩი – კონცერტი ფორტეპიანოს, საყვირისა და სიმებიანი ორკესტრისათვის (c moll) და გია ყანჩელი – “წერილები მეგობრებს” – ვერსია კლარნეტისა და სიმებიანი ორკესტრისათვის.
კონცერტში მონაწილეობდნენ მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები: დირიჟორი – ანდრეი ბორეიკო, სოლისტები – პოლინა ოსეტინსკაია (ფორტეპიანო) და იულიან მილკისი (კლარნეტი). საყვირის სოლო პარტია დმიტრი შოსტაკოვჩის კონცერტიდან შეასრულა თბილისის ახალგზარდული ორკესტრის მუსიკოსმა ელმირა აივაზიანმა (17 წლის).
მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ: თბილისის მერის პირველი მოადგილე ანდრო ბასილაია, ამერიკის ელჩი კელი დეგნანი, რეზო გაბრიაძის და გია ყანჩელის ოჯახის წევრები და კულტურის სფეროს ცნობილი წარმომადგენლები.
აღსანიშნავია, რომ დირიჟორი ანდრეი ბორეიკო 2019 წლიდან ვარშავის ფილარმონიული ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელია და სხვადასხვა წლებში იენას, ჰამბურგის, ბერნის, დიუსელდორფის, ვანკუვერის, ბელგიის ნაციონალური და სხვა ორკესტრების მუსიკალური ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი იყო.
გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი, 2019 წელს თბილისის მერიის მხარდაჭერით, მოსწავლე-ახალგზარდობის ეროვნული სასახლის ბაზაზე ჩამოყალიბდა. ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორია მირიან ხუხუნაიშვილი.