17 ოქტომბერი, ეროვნულ სასახლეში ქართული ჭადრაკის დღედ მიიჩნევა და საჭადრაკო ღონისძიებებით აღინიშნება.
1962 წლის 17 ოქტომბერს 10 სთ 58 წთ-ზე მსოფლიო ჩემპიონმა ელიზავეტა ბიკოვამ სატელეფონო ზარით აცნობა ნონა გაფრინდაშვილს საკუთარი მარცხის შესახებ და მსოფლიო ჩემპიონობა მიულოცა.
ამ მნიშვნელოვანი თარიღიდან 60 წელი გავიდა.
ღონისძიების ფარგლებში ეროვნულ სასახლეში საჭადრაკო სეანსი გაიმართა საჭადრაკო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით, ასევე მოეწყო ფოტოგამოფენა ,,ნონა და სასახლე“.
ღონისძიება ეროვნული სასახლის დირექტორმა თიკა რუხაძემ გახსნა. მან ისაუბრა მოზარდებში ჭადრაკის მნიშვნელობაზე, მადლობა გადაუხადა მსოფლიოს ხუთ გზის ჩემპიონ ნონა გაფრინდაშვილს, მსოფლიოს ორ გზის ვიცეჩემპიონს ნანა იოსელიანს, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტს გიორგი გიორგაძეს და სხვა სტუმრებს მობრძანებისთვის.
საჭადრაკო სკოლის ხელმძღვანელმა ნანა ალექსანდრიამ და ნონა გაფრინაშვილმა ეროვნული სასახლის ვ. ქარსელაძის სახელობის საჭადრაკო სკოლის საუკეთესო მოსწავლეები და პედაგოგები დიპლომებით დააჯილდოვეს.
სასახლეში აღზრდილ ორ წარმატებულ მოქალაქეს - საქართველოს ეროვნული არქივის გენერალურ დირექტორს თეონა იაშვილსა და ლიტერატურული პრემია „საბას“ ლაურეატ ოთარ ჯირკვალიშვილს გადაეცათ „წარმატებული სასახლელის“ დიპლომები და სამახსოვრო საჩუქრები.
სპეციალური პრიზი გადაეცათ სასახლის ჭადრაკის სკოლის საპატიო მხარდამჭერებს და ჭადრაკის დიდ გულშემატკივრებს: აკადემიკოს ანზორ ხელაშვილსა და ნინო რამიშვილს. ასევე, სპეციალური საჩუქარი გადაეცა გერმანიის წლის საუკეთესო მწვრთნელს, სასახლის საჭადრაკო სკოლაში აღზრდილ - დავით ლობჟანიძეს.