დამოუკიდებლობის ფასი და საზღაური _ საზოგადოებრივ-ეროვნული თვითმყოფადობა,პიროვნული არჩევანი და საყოველთაო ბედნიერება თუ გარდაუვალი დილემის წინაშე ყოფნა?! მოითხოვს თუ არა ეროვნული დამოუკიდებლობა მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას, ზნეობრივ თვითშეგნებასა და რეალისტურ მსოფლაღქმას ხალხისაგან?! აკისრებს თუ არა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა საზოგადოებას კულტურულ-ნაციონალური იდენტობის განცდისა და ეროვნული იდეალების დაცვის მორალურ ვალდებულებას?! საზოგადოებისათვის კულტურული გახსნილობისა თუ პროგრესული ეროვნულ-მოქალქეობრივი ტენდენციისაგან იზოლაცია ზნეობრივი დეგრადაციის წინაპირობა გახლავთ. მრავალსაუკუნოვანი ისტორიის, კულტურისა თუ მეცნიერული მიღწევების მქონე ერს თვითმყოფადობა საერთაშორისო პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სოციალურ ასპარეზზე გამოსვლის, მსოფლიო პროგრესისათვის ფეხაწყობის აუცილებელ პირობად ესახება.
გლობალიზაციის იდეოლოგიური საფუძველიც კულტურულ მრავალფეროვნებას, ეროვნულ-ნაციონალური ღირებულებების შენარჩუნებას გულისხმობს. დამოუკიდებლობის მოპოვება, უპირველეს ყოვლისა, საზოგადოებრივ-მორალური თვითშეგნების ამაღლებას ეფუძნება. გავიხსენოთ ილია ჭავჭავაძე, მეცხრამეტე საუკუნის ქართველი რეალისტი მწერალი და საზოგადო მოღვაწე, რომელსაც ქვეყნის მიმართ არა მხოლოდ ინსტიტუციონალური, არამედ იმ მსოფლმხედველობრივი პრინციპების ჩამოყალიბების ღვაწლიც მიუძღვის, რომელთა მეშვეობითაც ქართველ ერს შეეძლო თვიგანვითერებაზე ორიენტირება, განათლების პრაქტიკულად გამოყენება და სარწმუნოებრივი აღმსარებლობისადმი თავდადება.
ილია მოგვიწოდებს, რომ სამშობლოსათვის თავგამეტებით, შეუდრეკელად მებრძოლი ხალხი საკუთარი კულტურულ-ნაციონალური მრწამსის ერთგულია. ეს ზნეობრივი კოდექსი კი - მორალურ შეგნებას, პირადი მოთხოვნილებებისათვის უპირატესობის მინიჭების ნაცვლად, პრიორიტეტულ ფასეულობად საზოგადოებრივი ინტერესების მიჩნევას მოითხოვს. ილია ჭავჭავაძის შემოქმედება მოიცავს, როგორც პოეზიასა და პროზას, ისე პუბლიცისტიკას. დავიწყოთ იქიდან, რომ ილიას მხატვრული შემოქმედება, მისი მსოფლმხედველობრივი მრწამსი ემყარება მხილების პრინციპს.მეტაფორულ-სიმბოლური სახეებით ჭავჭავაძე მკითხველს სულიერი სიფხიზლისაკენ მოუწოდებს, პერსონაჟთა ხასიათითა თუ პიროვნული მახასიათებლებით იგი მოძღვრავს და სულიერი ტრანსფორმაციისაკენ მოუწოდებს. “წუთისოფელს თუ თვალი მოუხუჭე ისე გაგთელავს, როგორც დიდოელი ლეკი..”— “ოთარაანთ ქვრივი”. ილია იმ ზნეობრივ მჭვრეტელობას გულისხმობს, რომელიც ქართველს არ დააკარგვინებს მორალურ ღირსებას, სულიერი მრწამსისადმი ერთგულებასა და რეალობისადმი ცნობიერ მოდგომას. “ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხე, აბა დღეს მე ვის რა ვარგე?!..”— საკუთარ თავთან ყოველდღიური პიროვნული ანგარიშვალდებულება ზნეობრივი თვითშეგნების ამაღლების სულიერ მოთხოვნილებას გვიჩენს.
საზოგადოების ქმედებებისადმი მორალური პასუხისმგებლობის შეგრძნებით განმსჭვალვა ეროვნული ერთიანობის წინაპირობაა. კულტურული თვითმყოფადობის ფასი არის ბრძოლა თვითგანვითარებისათვის, ხოლო შემდეგ კი ეროვნული მსოფლაღქმის გარდაქმნისათვის, რაც საზოგადოებას სტერეოტიპული აზროვნების ჩარჩოებისაგან გაათავისუფლებს. დამოუკიდებლობის მოპოვება მოითხოვს არა მხოლოდ სოციუმის ინტერესებისათვის ბრძოლას, არამედ ინდივიდუალურ, მენტალურ რევოლუციასა და თავისუფლების იდეის გაცნობიერებას. პიროვნების მოტივაცია, მისი ინივიატივა განათლება სრულქმნას მოქმედებაზე ორიენტირებულობით, აისახება საზოგადოებრივ მონდომებაზე. ერთიანობის გარეშე ერს არ უწერია განვითარება, თავისუფლება და მშვიდობა. დიპლომატიური ურთიერთობებით ყველანაირად უნდა ვეცადოთ საზოგადოებაში განმანათლებლობის მოტანასა და რეალისტური აზროვნების დამკვიდრებას. :“ხალხი, ფეხზედ წამომდგარი,უფრო უკეთესი ღონეა სახელმწიფოსათვის,ვიდრე დავრდომილი და სულით და ხორცით გარახსირებული..“. სამართლიანი მხილება— ერთმანეთის მანკიერი თვისებების მხილება, ცხადია, არ გახლავთ მარტივი. კრიტიკული დამოკიდებულების მიღება არავისთვისაა სასიამოვნო.
გავიხსენოთ პავლე მოციქული. მაცხოვარმა პავლე მწარედ ამხილა მის გამოცხადებაში და მოუწოდა სინდისის ხმას გაჰყოლოდა, რათა შეეცნო პავლეს მიერ განდევნილ ქრისტიანთა ღვთაებრივი ზნეობა, უფლისმიერი მოწყალება და განმსჭვალულიყო რწმენით, რომ სიკეთის თესვით მთესველი სულის მარადიული ნეტარებისაკენ იკვალავს გზას, სიყვარულს იმკის. დავით გურამიშვილს უმძიმს ქართველთა მხილება, თუმცა ფარისევლობასა და პირფერობას სიმართლის თქმა ურჩევნია, რათა ზეციურ საუფლოში დაიმკვიდროს ადგილი. ილიაც ამხელს ზნეობრივად გადაგვარებულ ქართველებს და მათ ერთმანეთის სამართლიანი კრიტიკისაკენ მოუწოდებს. ოცდამეერთე საუკუნის ქართული საზოგადოება მხილებას სიტყვიერი შეურაცხყოფით, ხშირშემთახვევაში კი - ფიზიკური დაპირისპირებით პასუხობს. სამწუხაროა, რომ თანამედროვე ქართველი განსაკუთრებით არიდებს თავს თვითმხილებისა და პიროვნული ჭიდილის პროცესს. რეალისტური აზროვნებისაგან თვითიზოლაცია, ეროვნულ ცნობიერებასა და მორალურ ღირსებას დააკნინებს, რაც სულიერი გადაგვარების წინაპირობა გახლავთ. დამოუკიდებლობას ვერ მოიპოვებს ერი, თუკი ადამიანები არ ამხელენ ერთმანეთის მანკიერ თვისებებს. სახელმწიფოებრივი თვითმყოფადობა თითოეული მოქალაქისაგან სულიერ ტრანსფორმაციასა და მსოფლმხედველობრივ რევოლუციას მოითხოვს. საზოგადოებამ გარკვეული ზნეობრივი პოსტულატები უნდა დაუწესოს ეროვნულ მსოფლხედვას.
დამოუკიდებლობის ფასი არის თავდაუზოგავი ბრძოლა პიროვნული და სოციალური გარდაქმნისათვის, რაც შესაძლოა ომით დასრულდეს. ომი ყველაზე მწვავე პოლიტიკური დაპირისპირების სახეა. დღეს, ოცდამეერთე საუკუნეში, მსოფლიო რუსეთის დამანგრეველი, დიქტატორულ-იმპერიალისტური პოლიტიკის წინაშე დგას, უკრაინა კი დამოუკიდებლობისათვის იბრძვის. ეროვნული თვითმყოფადობის დასაბრუნებლად უამრავი ახალგაზრდა გამოესალმა სიცოცხლეს, რათა მშვიდობიანი მოსახლეობა რუსული ძალმომრეობისაგან, ძალადობრივი პოლიტიკისაგან დაეცვა. საზოგადოების ნაწილს მიაჩნია,რომ დამოუკიდებლობა ხალხს ათავისუფლებს სამშობლოსა და კულტურული სიმდიდრის დაცვის მორალური პასუხისმგებლობისაგან. თავისუფლება ადამიანს ზნეობრივ ვალდებულებას აკისრებს, ეროვნული დამოუკიდებლობა კი საზოგადოებისაგან პრინციპების, ნაციონალური ღირებულებების დაცვასა და ეპოქალური მოვლენების ფონზე დიპლომატიური ურთიერთობების შენარჩუნებას მოითხოვს. მოპოვებულ თავისუფლებას გაფრთხილება სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ერი, როგორც ერთიანი მოქალაქეობრივ-სოციალური იდეოლოგიის მქონე საზოგადოება, დაკარგავს საერთაშორისო კულტურულ ავტორიტეტს, წარსულში მოპოვებულ მშვიდობასა და სახელმწიფოებრივ-ეროვნულ თვითმყოფადობას. აქედან გამომდინარე, თავისუფლება ერს ზნეობრივი მჭვრეტელობისა და ეროვნული თვითშემეცნების პატრიოტულ-მორალურ პასუხისმგებლობას აკისრებს.