Nov 15, 2024
გამარჯობა, მე მეფუნთუშის გოგონა, წითელ კუბოკრულკაბიანი ევა-ლოტა ვარ. ხომ გახსოვთ ჩემი და ჩემი მეგობრების, კალესა და ანდერსის, ამბები და თავგადასავლები? არა? გაზეთებში მაინც გვნახავდით მას შემდეგ, რაც ვითომ კეთილ ძია ეინარს საქმე ჩავუშალეთ და მისი მოპარული განძის შესახებ სხვებსაც შევატყობინეთ.
თავგადასავლებით სავსე ის დღეები არასოდეს დამავიწყდება...
გაზრდა არ მინდა. ასე მგონია, უფროსები მოსაწყენები არიან. ვეღარც ერთობიან, რადგან ტვინი ათასი უინტერესო საფიქრალით აქვთ გამოჭედილი - ჩვენ, ბავშვებს, გვიჭირს მათი გაგება. როგორ შეიძლება, თავსხმა წვიმა გეძახდეს ფანჯრიდან და შენ არ შეეგებო, არ გახვიდე ეზოში, არ ჩახტე ყველაზე ღრმა გუბეში და ამაზე ბევრი, ძალიან ბევრი არ იცინო?!
არ მინდა, დასრულდეს ბედნიერი ბავშვობა: მომენატრება ომობანას თამაშში გალეული დღეები, შტაბში სერიოზული საქმეების განხილვა და ხეებზე ძრომიალი; ვეღარც საქანელაზე ვიქანავებ, ჩემი საყვარელი სიმღერის ჩაღიღინებისას კი იტყვიან, ეს სულელი ქალი ვინ არისო. დავიწყებას მიეცემა ჯადოსნური სიტყვები, სიცოცხლეს რომ მიფერადებს და მზის სხივებით მავსებს:
„იყო ერთი გოგონა, ერქვა ჟოზეფინა, ჟოზეფინა-ფინა-ფინა, ჟოზე-ჟოზე-ჟოზე-ფინა.“
მომავალ წელს თოთხმეტი წლის ვხდები და, მგონია, რომ უკვე ჩაბერებული დეიდა ვიქნები. ამეკრძალება ხმამაღლა და გულით სიცილი, ხტუნვა, სირბილი... 14 წელიწადი ხომ აღარაა სახუმარო ასაკი... ერთი ნატვრა მაქვს - ფიზიკური ცვლილების მიუხედავად ჩემი სამყარო დარჩეს ასეთივე ფერადი და ლაღი, არასოდეს გაიზარდოს ბავშვი, რომელიც ჩემში ცხოვრობს, არასოდეს დაეკარგოს სურნელი მამიკოს ფუნთუშებს და ყოველ ჯერზე ისეთივე სიამოვნებით შევექცეოდე გემრიელ ნუგბარს, როგორც ახლა, საქანელაზე ქანაობისას და ხმამაღლა თუ არა, გულში მაინც ვიღიღინო:
„საკერავი მანქანა, ქანა-ქანა-ქანა...“