ყველა ადამიანს ბავშვობიდან მოჰყვება განსაკუთრებული საგანძური, რომელსაც სათუთად უფრთხილდება, რომ ცხოვრების ქარიშხალში არ გაებნეს.
მე ანა ვარ, მხიარული გოგონა, ნებისმიერ წვრილმანში სიკეთის საწყისს ვეძებ და გამომდის კიდევაც: ნაჭრის ფუმფულა სათამაშოებთან ერთად ძილი სიზმრებს მიმყუდროებს, ფერწერული ტილოების თვალიერებისას პარალელურ სამყაროებში ვმოგზაურობ, სოფლური დილების ნამიანი ბალახი ფეხებს მიცვარავს და ჩემი საყვარელი პოეტის ტაეპებს მახსენებს:
„ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველა
არ გავიარე - რაა მამული?!“
თამამად ვკოტრიალობ მწვანე მინდორში, დაჭერობანას მეთამაშებიან ქარში აშლილი ფოთლები, წრეშიბურთის თამაშისას კი ხშირად ვფიქრობ, რომ ეს ცხოვრებაა - საკუთარ პიროვნებაზე პასუხისმგებელი უცხო თუ ნაცნობი ადამიანების გარემოცვაში მყარად უნდა იდგე და, შეძლებისდაგვარად, აიცილო დარტყმები, ორგულობითა და განსჯით მიყენებული ტკივილები...
როცა ვამბობ, „ჩემი ოქრო ჩემთან,“ წარმოვიდგენ სამყაროს საჩუქრებს: ჩემს ლამაზ დედიკოს, ძლიერ მამიკოს, ოჯახის სიცოცხლით სავსე წევრებს და მათ უპირობო სიყვარულს. ამ დროს ღრმა ძილით იძინებენ დარდები და მწუხრისეული ფიქრები, მე კი ისევ მხიარულად ვაგრძელებ ცხოვრებას.
-პეპისავით ანცი ხარ, ჩემო ცუგრუმელა! - მეუბნებოდა ბებო ადრე, ახლა კი ჭკუას მარიგებს, რომ უკვე დიდი ვარ, მეტი სიდინჯე მომეთხოვება. მოკლედ რომ ვთქვათ - დროა, გავიზარდო!
მე ჩემი არგუმენტები მაქვს: პეპი მალე 80 წლის გახდება, მაგრამ ის მარადიული ბავშვია, როგორც ზღაპრებში, მის ფერად სამყაროში დრო-ჟამი არ იძვრის, ვერაფერს აკლებს ჟღალი კიკინების ელვარებას, თვალების შუქსა და გონებამახვილობას.
პეპის დღემდე ჩემსავით უყვარს ცხოველები, ჩემსავით გემრიელად შეექცევა შოკოლადებს და მეც მასავით შემიძლია, წვიმაშიც მოვრწყა ქოთნის ყვავილები ჩემი ქალაქური მაღალი კორპუსის ბინის აივანზე.
„ჩემში ცხოვრობს ბავშვი, რომელსაც გაზრდა არ უნდა!“ - ამბობდა ასტრიდი, გოგონა, რომელმაც გვაჩუქა პეპი და რწმენა, რომ ჩვენი სულების სინათლეს ვერაფერს დააკლებს დრო, თუკი გადავწყვეტთ!