ჭორფლიანი მზე - ალისფერი კიკინები „ლიტერატურა ჩვენს რეალობას მხატვრულად ასახავს, ამიტომ აუცილებელია, სწორად ჩავწვდეთ ავტორის სათქმელს!” - გვიხსნის ქართულის მასწავლებელი. „ფიზიკა ჩვენი ყოფა-ცხოვრებაა, იგი შეისწავლის ბუნების უზოგადეს კანონზომიერებებს, იკვლევს მატერიის სივრცესა და დროში მოძრაობის ზოგად ფორმებს!“ - კიდევ ერთხელ გვიმეორებს ფიზიკის მასწავლებელი. „გთხოვთ, დამასვენეთ, მომეცით საშუალება, მოვუსმინო საკუთარ თავს, ვიპოვო ჩემი ცხოვრების ჭეშმარიტი მიზანი, განვთავისუფლდე გარსმოხვეული ვალდებულებებისგან!“ - ყვირის პატარა მარი, რომელიც ჩემში დიდი ხნის წინ გამოიკეტა ელემენტარული ნაწილაკების - სკოლაში მაღალი ქულების, მომავალში მაღალანაზღაურებადი სამსახურის, კარიერული წინსვლისა და უზრუნველყოფილი სიბერის გამო. ვცდილობ, გავამართლო უფროსების მოლოდინები: ისინი მუდამ ამაყობენ ჩემი მიღწევებით, მეგობრებთან, თითქოს, სალაპარაკო სხვა არაფერი ჰქონდეთ, თავს იწონებენ. ამასობაში სხვების სიხარულების გამო თავს ვინადგურებ, ჩემში გამოკეტილი პატარა მარი კი დაუღალავად იბრძვის და მახსენებს, რომ სიმარტოვეში ფიქრი ერთადერთია, რაც გზას მაპოვნინებს. მოზარდობამ თანდათან გააქრო ჩემი ბუთქუნა ლოყები, ჩემი ფუშფუშა მუცელი, ჩააქრო მთავარი - სიხარული და მარადიულობის სინათლე თვალებში… სინანულით ვათვალიერებ წლების წინანდელ ფოტოებს, ვიხსენებ, როგორი იყო პატარა მარი - რა ახარებდა, რა სწყინდა, როგორ მტკივნეულად განიცდიდა იმ ადამიანებისგან უარყოფას, ვინც მეგობრებად მიაჩნდა; სკოლის დერეფნებს ახლაც ახსოვთ მისი უდარდელი სიცილი, მე კი უბრად ავუქცევ ხოლმე გვერდს პეპის ნაწნავებიან პატარა გოგონას. პეპი გრძელიწინდა - ჩემი პირველი წიგნი და პირველი მეგობარი ლიტერატურის სამყაროდან. მახსოვს, როგორ ვცდილობდი, დავმსგავსებოდი ქცევებით - მეც დავიწყე უკუღმა ძილი, სხვადასხვა ფერის წინდების ჩაცმა… მახსოვს, კითხვის დროს პეპისავით როგორ ვიქნევდი ფეხებს აქეთ-იქით, როგორ დავუმეგობრდი მზეს, რათა მეტი ჭორფლი დამტყობოდა ლოყებზე… დრო მალე გავიდა… “ამ მარადიულობას ოდესმე ისევ დავიბრუნებ?” - ვფიქრობ უიმედოდ. ვტრიალდები და ვხედავ ყვავილწნულებითა და ვარდის ბუჩქებით სავსე ჩემს ეზოს, რომელიც ბავშვობას მახსენებს, გვერდით ვაწყობ სკოლის წიგნებს და სიმწვანეს ვერევი. ვეღარ ვბედავ მზის სხივებისთვის თვალის გასწორებას, ვირეკლავ მათ და ვიწყებ ბზრიალს, კისკისს… შემომირიგდა გაბუტული მარი, დაუბრუნდა ჩემს ლოყებს ჭორფლი, მარადიულობამ გამომიცოცხლა მზერა… დიახ, მე აქ ვარ, პეპი, ჩემო მეგობარო, ერთად წავიდეთ დიდების სამყაროში, დაე, ეს იყოს ჩვენი ყველაზე დაუვიწყარი, თუნდაც, რთული, მოგზაურობა!