რაოდენ ბედნიერია ერი, როცა მის წიაღში იბადება დიდი ადამიანი? მართალია, ჩვენ, ყველანი, განსხვავებული და უნიკალური არსებები ვართ, თუმცა, ამ ქვეყნად არსებობენ ერთეული პიროვნებები, რომლებიც ქმნიან ეპოქას. მაშასადამე,განუზომლად ბედნიერი ხალხი ვყოფილვართ ქართველები ამ მხრივ. საქართველოს მრავალსაუკუნოვანი და ღირსეული ისტორია იმ გმირებზე დგას, რომელთათვისაც სამშობლო უპირველესი ფენომენი იყო, ხოლო პატრიოტიზმი კი მათი მთავარი ცნება.
მოქმედება-უმოქმედობის ნაცვლად, ახლის ქმნა-დარდის ნაცვლად, მიზანმიმართულება-უმიზნობის ნაცვლად, პასუხისმგებლობა და ზრუნვა-უდარდელობის ნაცვლად, სწავლა და გონიერება-უგუნურობის ნაცვლად, სულიერება-უსულობის ნაცვლად, თავდადება-თავკერძოობის ნაცვლად, ერთსულოვნება და ერთგულება-ორგულობის ნაცვლად, კავშირი-გათიშულობის ნაცვლად, მსოფლიო პროგრესში ჩართვა და სიახლეების ათვისება ქვეყნის თვითიზოლაციის ნაცვლად − ასეთია ის უმთავრესი პრინციპები, რომელთა დამკვიდრებასაც ილია თავისი პირადი მაგალითით, აზროვნებით, მოქმედებითა და შემოქმედებით ახდენდა, რომელთა მეშვეობითაც საქართველოს, როგორც იდეისა და ქვეყნის, განვითარება ესახებოდა შესაძლებლად. ილია ჭავჭავაძე თავის თანამედროვე საქართველოს უსახავს კონკრეტულ ამოცანას − „აღდგეს“ და „დადგეს ერად სხვა ერთა შორის“. ახალ საერთაშორისო სინამდვილეში, ქართველი ერი საკუთარი „ისტორიის ღირსიც“ უნდა გახდეს და სხვა „მოწინავე“ ერებისგან განვითარების გამოცდილებაც აითვისოს. ილია საკუთარ ხალხს ასწავლის: ერთიანობას, თავისუფლებას, ახალი სინამდვილის გაცნობიერებას, თანამედროვე მსოფლიოში საკუთარი ადგილისა და ხმის მოპოვებას. ამიტომ დღეს აღიარებულია, რომ სწორედ ილია ჭავჭავაძემ შექმნა თანამედროვე ქართული ნაციონალური იდენტობა: მან ნათლად დაანახა ქართველებს, თუ რის საფუძველზე უნდა გამთლიანდნენ, როგორ უნდა გაიაზრონ წარსული და რის მოცემა შეუძლია მათთვის საკუთარ ისტორიას, როგორია მათი თანამედროვე მსოფლიოს განვითარების მიმართულებები და, ზოგადად, რას ნიშნავს თანამედროვეობა, როგორ შეძლებენ ქართველები შეცვალონ საკუთარი სინამდვილე და შეიქმნან მომავალი.
ილია მარტო აწმყოს არ სჯერდებოდა,მუდმივად მომავლისკენ იყურებოდა და საზოგადოებასაც მოქმედებისკენ მოუწოდებდა ,,მოძრაობა და მოძრაობა არის,ჩემო თერგო,ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი". ის ყოველთვის ფხიზლად იდგა ქართული ზნეობისა და იდეოლოგიის მცველად, ყურს უგდებდა თავისი „ქვეყნის ძარღვის ცემას“, ნატრობდა ევროპაში მოზეიმე „ხალხთ ბორკილის ხმა მტვრევისა“ გაეგონა საქართველოშიც და მათებურად მოეწყო ქვეყანა. ყველაზე მეტად ეს დაუოკებელი სწრაფვა ევროპისკენ,შეფარვით, თუმცა მახვილი თვალისათვის აშკარად შესამჩნევად იგრძნობოდა მის პოეზიაში. ილია იკვლევდა საქართველოს მომავალს, როგორც აწმყოზე დაფუძნებულს „აწმყო შობელი წარსულისგან არის მშობელი მომავლისა“, ხშირად იმეორებდა იგი ლაიბნიცის სიტყვებს და თანამედროვეებს წარსულიდან აწმყოში არსებული სხვადასხვა დონისა და ღირებულების შესაძლებლობებიდან, სამომავლოდ განსახორციელებელი ამორჩეულზე პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებდა.
რასაკვირველია, ვერ გაუგეს ღრმად მოაზროვნე გენიოსს,ვერ დააფასეს მისი არსებობა, ამის გამოა, რომ მისი ბედი ტრაგიკულად მთავრდება,როგორც გალაკტიონმა თქვა „წიწამურთან რომ მოკლეს ილია, მაშინ ეპოქა გათავდა დიდი". მას შემდეგ ერთი საუკუნე გავიდა და ჩვენ დღესაც ვგლოვობთ. ერთი რამ ცხადია, ჭეშმარიტ ქართველს არ მოუკლავს სამშობლოს მოამაგე მამულიშვილი, ჩვენი ერი მწარე ცრემლებით მოთქვამდა მისი სიკვდილის გამო. საქართველოს ყველა კუთხიდან უწყვეტ ნაკადად მოედინებოდნენ მგლოვიარე, თავზარდაცემული ქართველები და უკანასკნელი განსასვენებლისკენ მიაცილებდნენ მშობელი ხალხის დიდ მოჭირნახულეს.
მას ღრმას სწამდა რომ სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მისგან: მამული, ენა და სარწმუნოება. ერის მამის მკვლელებს, მოღალატე ქართველებს, ეგონათ, სამუდამოდ გააციებდნენ ღვთაებრივი ცეცხლით ანთებულ გულს და ივერიას სამარადჟამოდ ჩაუქრობდნენ მანათობელ შუქურას, რომელიც იყო წინამძღოლი მთელი ერისა, თუმცა ილიამ უფრო მნიშვნელოვანი_რწმენა, იმედი და თავისუფლება დატოვა ერის ცხოვრებაში, რომელიც სისხლსა და ხორცში გვაქვს გამჯდარი და ვერანაირი ძალა ვერ ამოძირკვავს.
და ბოლოს, საბედნიეროდ,არიან ადამიანები, რომლებიც სასიკეთო სხივს ხედავენ ევროპულ მომავალში, არ ღალატობენ ილიას გზას, დიდ მოაზროვნეს ხომ სჯეროდა ახალი თაობისა, აკი წერდა კიდეც: „მათ ახალთ აღგიდგინონ შენ დიდების დღენია“, მეც ასე ვფიქრობ, ჯიუტად მჯერა, რომ ამაყად გავიმეორებთ: „მე ვარ ქართველი, მაშასადამე, მე ვარ ევროპელი"