დიდი პატრიოტული ნოსტალგია, რომელიც ქართველის გონებაში დაყმაწვილებისთანავე იბადება (როგორც ჩემს შემთხვევაში მოხდა), ჰგავს მდინარის შენაკადს, რომელსაც წყობიდან გამოჰყავს წყნარი კალაპოტი. სულ სხვაა ყმაწვილური ენერგიით დაუცხრომელი პატრიოტიზმი. ბუნებრივია, თაროზე ახლახანს შემოდებული ვარდისფერი სათვალეები და მის გარეშე დანახული რეალობა პირველ რიგში ნოსტალგიას ბადებს, რომელსაც ასევე, ბუნებრივია, ფორმირება სჭირდება, იმ ენერგიად, რომელიც ვახსენე. ჩემთვის დიდი სიამოვნებაა და პატივი, წარმოგიდგინოთ ჩემი საუკეთესო მეგობარი - ილია ჭავჭავაძე, რომელიც ასე დაუსრულებელია ჩემთვის და ვინც წლებია ახერხებს ჩემთან ერთად გაიზარდოს და პარალელურად იყოს იდეალური მამა. ილიას ერთი წინადადებით დახასიათება რომ მთხოვონ, აუცილებლად ვიტყოდი, რომ იგი არის საქართველოს ყველა დროის შემოქმედი.
ქვეყნის იმდროინდელი მდგომარეობა შეუძლებელია უკეთ აღწერო, ვიდრე ეს ლებანიძემ გააკეთა: „დიდების მქუხრის მშვიდობაზე გაცვლა“, „განცხრომის, ძღომის და ღალატის სწავლა“, „მაზურკის გრგვინვა, მედროვის ტაში“, „ქართვლის პრუსად ხილვა და ღენერლის ფაშვი“. „მეცხრამეტე - კრული და ჩვენ - ცრემლის ღვენთით! ბოღმით ცეცხლად ვენთეთ, კვლავ ხმლის ქნევა გვსურდა“ და აი, ამ განუკითხაობაში გვევლინება XIX საუკუნის „უდაბნოს ვარსკვლავი“ , სამშობლოს შვილის გულითა და მშობლის შემართებით. მისი მთავარი წუხილი სიყრმითგანვე ქართული ცნობიერი და ქართული გენი იყო, რომელიც რეალურად იმაზე მეტია, ვიდრე ლეგენდებით თქმული, მოკაზმული კულტურა (ქართველებს ხომ ასე ძალიან გვიყვარს ლეგენდები) და რომელიც ხსნას, განკურნებას საჭიროებდა.
ფენომენი, რომელსაც რუსთაველის საქართველო ჰქვია, მას შემდეგ მრავალი საუკუნეა ყველა ქართველის ნანატრი და საოცნებო საქართველოა. შოთას თანამემამულე ქართველს რომ შევხედოთ (შოთასეული ინტერპრეტაციით), უმალ ვიგრძნობთ მის დახვეწილ ფსიქოტიპს, რომელსაც კარგად აქვს გააზრებული და იდეალურადვე იყენებს საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას. ახლა ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს რენესანსის დროინდელ ქართველზე, რომელსაც ასე მკაფიოდ გამოხატულად გააჩნდა სივრცის შეგრძნება და მისი დაუფლების გრძნობით იყო შემოსილი. ის ფაქტი, რომ შოთას თითქოს ზღაპრული, მაგრამ ყველაზე რეალური და ხორციელი პერსონაჟები არ არიან წარმოდგენილნი როგორც ქრისტიანები, მახსენებს მეჩეთში მოსიარულე დავით აღმაშენებელს, რომელიც ამ ჟესტით პატივისცემას გამოხატავდა, აღსანიშნავია, რომ ეს საქციელი მისი პოზიციიდან დიდი მაგალითი იყო ერისთვის. ილიაც სწორედ დავითის მსგავს მოცემულობაში გვევლინება სივრცის გრძნობით: არანაირი პოლიტიკური, კულტურული, ზნეობრივი ძალმომრეობა. მისი სივრცის დაპყრობის შემართება დაიბადა მწუხარებაში და იქცა მერნად... აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, ილიას გზა შოთადან იწყება, მაგრამ თუ გავიხედავთ ოთხი საუკუნით წინ, მივხვდებით, რომ ეს იდეა ბევრად უფრო ადრეც არსებობდა. VIII საუკუნის ილია ჭავჭავაძე გრიგოლ ხანძთელის სახით, რომელსაც ილია სულაც არ იცნობდა. ორივეგან გვხვდება ეპოქა, რომელშიც მოქცეული ვართ უდიდესი მტრის კლანჭებში, ორივეგან ვაწყდებით ერთიანი საქართველოს იდეას, რომელსაც ერთი ცნობიერის ქვეშ უნდა მოექცია ქართველის ათასგვარად გადარჯულებული გონება. რასაკვირველია, ორივეგან გვეძლევა განსაზღვრული სახელმწიფოებრივი იდენტობა: „მამული, ენას, სარწმუნოება“.
1861 წელია, ყმაწვილ ილიას უკვე კარგად ჩამოყალიბებული, საკმაოდ მყარი პოზიცია გააჩნია. „თავზედ ხელაღებული, გიჟი, გადარეული, შეუპოვარი და დაუმონავი“ ენერგიით ილია იწყებს ერის „მხილებას“, რათა „მათ, ვინცა ჩემს უკან ვლიან“, ანუ ჩვენ, ილიასთვის გვეთქვა: „შენი ქნარი შორს ჩვენგან - ჩრდილში ამაოდ ჩვენთვის არ ხმაურობდა“. ილიას ქნარი არც ისე საამური აღმოჩნდა ბევრისთვის და ბევრი, რა თქმა უნდა, ვერ გრძნობდა იმ დიდ სიყვარულსა და გულისტკივილს, რაც მის „სიავის მხილებას“ ედო საფუძვლად.
ილია პეტერბურგიდან „ერთადერთი ბოხჩის ოდენა ტყავის ხურჯინითა“ და უზარმაზარი ცოდნით დაბრუნდა სამშობლოში და დაიწყო ილიას გზა. ბუნებრივია, მის ქნარის ჩახშობას ბევრი ლამობდა, თუმცა „ჩემო კალამო, ჩემო კარგო, რად გვინდა ტაში? რასაც ვმსახურებთ, მას ერთგულად კვლავ ვემსახუროთ“ მის პრინციპულობასა და უკომპრომისობას ქადაგებდა. იგი ,,ოქროს ჯაჭვს’’ შეჩვეულ მამებთანაც მართალი იყო და კლასობრივი ბრძოლის მოსურნე ,,შვილებთანაც’’. და... ხელის აუკანკალებლად გაიმეტეს 1907 წელს. ქართულ ზეცას შეეყინა მრავლისმთქმელი სიტყვები: „ილია ვარ, არ მესროლოთ!“
1918 წლის 26 მაისს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჩასახვისთანავე, ვლასა მგელაძე მამადავითზე ზარების რეკვით დიდ მთაწმინდელებს ამცნობს საქართველოს თავისუფლებას.
ავბედითი 1921 წლიდან, ბოროტი გენის აღლაღების ჟამს, როცა ისევ ითქვა: ,,ილია ცოცხალი რომ იყო, მასაც დავხვრეტდი!’’ დაუპირისპირდა უკვდავი სიტყვები დასახვრეტად გაყვანილი გენერალი კვინიტიძისა:: ,,მე თქვენ ვერ მომკლავთ, რადგან იმ ერის შვილი ვარ, ვისაც კლავდნენ და არ კვდებოდა!’’
და, აი,ისევ თავისუფლებისთვის თავგანწირულ ქართველებს 1989 წელს, საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ილია II მიმართავს: „დღესაც ჩვენ ვდგავართ რეალური საფრთხის წინაშე, მთელი საქართველო ხედავს თქვენს თავდადებას. საშიშროება რეალურია, შეიძლება ამ საშიშროებამდე დარჩენილია რამდენიმე წუთი, ახლა წავიდეთ და ღმერთს მადლობა შევწიროთ გადარჩენისთვის“... (რამდენიმე წამიანი პაუზა) ილიას გამოძახილი უზარმაზარ მოედანზე ათასობით ხალხის მიერ: „არც ერთი ნაბიჯი უკან! ფიცი გვაქვს ნათქვამი!“. მათ რეალურად თქვეს და დაამტკიცეს, რომ ქნარი ამაოდ არ ხმაურობდა.
ილიას ქნარს სიმები ვერავინ და ვერაფერმა ჩასწყვიტა, იგი დღესაც გვიმღერის აკვნებთან ილიას „ნანა“-ს, იგი დღესაც „ბაზალეთის ყრმას“ ეძიებს, მისი რკინიგზა, რომელზედაც ქართული მატარებელი დიდი ხანია დგას, დღესაც საჭიროებს ფუნქციონირებას. მე - ილიას შვილი, გეკითხებით „რა არის იგი ნათელი, რასაცა ახლავს ბნელია?“. დროა მერნებზე ამხედრებისა და „ცისა ფერისკენ“ სწრაფვისა. შეუპოვრობა, ბრძოლა დასაბამიდან ქართველის ბედია, დღემდე ასეა, მაგრამ ეს უხმლო ბრძოლაა. ბრძოლა თავისუფლებით, ბრძოლა სამართლიანობით, ბრძოლა სიყვარულით. მე ვარ საქართველო!..