რა მოხდება ახლა, დავჯექი და წარმოვიდგინე თოვლიანი უღელტეხილი, ძალიან მაღალი, „ფართე“, ყინულებით მოსილი. ამ სურათს, გვერდით, მეორე ჩარჩოთი მიყუდებული სხვა სიუჟეტი „ამშვენებს“ და იქ, რადიკალურად სხვა ამბავია - ცხელა. რა შესავალს ვუკეთებ მომავალ ესსეს?! - ეს არის მხოლოდ ორად ორი ვარიანტი წარმოსახვის გაფართოებაზედ.
მეცხრამეტე საუკუნე აღიწერა ისტორიის ფურცლებზე და ერთ დიდ, თოვლიან ქარტეხილს წააგავს. ახალი სოციალურ-პოლიტიკური ცხოვრების პირველი აკორდები - მძლავრი, სუსხიანი, მაგრამ გაგუდული ჟღერადობის იყო.
ახალდასრულებული გვალვის შემდეგ, გაყინული მთის მასივი აღიმართა დაბრკოლებად, გამოწვევად, გადასალახ ბარიერად. თითქოს არ გვყოფნიდა ქართველებს, თითქოს წარსულს ჩაჰბარებოდა სისხლისმღვრელი ომები სამხრეთელი მეზობლებისგან და მრავალი შინაური ჭირიც. თუმცა პოლიტიკური და ეკონომიური ჩაგვრა მშლატე გემოთი გამოჩნდა - რუსეთს შევუერთდით. ქართველ ხალხში ფეხმოკიდებული რუსიფიკაცია და დენაციონალიზაცია, ამ მძიმე პერიოდში, ზოგს კიდევ უფრო ამძიმებდა და აჩერებდა ერთ ადგილას, უძრავ ქანდაკებად აქცევდა, აქვავებდა. ამიტომაც, საზოგადო ხსნა შეუჩერებლად, ჯიუტად და მტკიცედ სიარული იყო. უნდა ემოძრავა ქართველ ერს.
ილიაც გამოჩნდა. გამოსაფხიზლებლად მოგვიწოდა კომფორტის ზონიდან გამოსვლა, რადგან წრეზე მოძრაობა არაა რთული. ამ პოზის დათმობა წარმოადგენს მთავარ სიძლიერეს. ზოგჯერ მწარე სიტყვით, არგაიდეალებული, რეალისტური მდგომარეობის ასახვით ცდილობდა სწრაფ გამოღვიძებას ამ მიძინებული, სასოწარკვეთაში მყოფი, ლამის დანებებისკენ თავით მავალი ხალხისა. ცხარე რეალობის წერა კი არც მოსაწონი და მითუმეტეს, წინააღმდეგობის მომტანი აღმოჩნდა მათთვის, ვინც ილიას პუბლიცისტიკასთან უბრად იყო. ცილს სწამებდნენ, ღალატს მიაწერდნენ ბუმბერაზ მოღვაწეს და სამშობლოს უსიყვარულობაშიც კი სდებდნენ ბრალს, ოღონდ აღარ აღეწერა ის სინამდვილე, მედროვეები თავის სასარგებლოდ რომ ცდილობდნენ გამოეყენებინათ. ილიამაც დანანებანარევად განაცხადა:
ჩემზედ ამბობენ: „ის სიავეს ქართვლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს, ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!“
ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს -
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!
ნამდვილი მკითხველი ყოველთვის გრძნობდა ამ სიყვარულს. გულშემატკივარს სიტყვების გარეშეც სჯეროდა, რომ სიმწარის უკან დიდი სიკეთე იმალება სამარადჟამოდ.
რა წამსაც, დიდმა ილიამ, კალამი ჩააწო ღრმად, მას შემდეგ არამცთუ გაიყინა, არამედ აორთქლდა დრო. თითოეული მოუგვარებელ-გადაუჭრელი, საჭოჭმანო და სათუო საკითხი რომ წამოჭიმა ყველას თვალწინ პოემებში, თხზულებებში, წერილებსა და ნარკვევებში და კალმის მაგიერ გულისნაღველი ეწობოდა შიგ, წაიშალა დრო დაწერის წამიდან.
„მართალია, წარსული მკვიდრი საძირკველია აწმყოსი, როგორც აწმყო - მომავლისა. ეს სამი სხვადასხვა ხანა, სხვადასხვა ჟამი ერის ცხოვრებისა ისეა ერთმანედზეც გადაბმული, რო ერთი უმეოროდ წარმოუდგენელი, გაუგებარი და გამოუცნობია.“ მაგრამ, ჟამთა სვლა, ეს დაუსრულებელი რბოლა, მონაცვლეობა განუყოფელი სამი დროისა, სწორედ მის ნაწარმოებებში აორთქლდა და გაქრა. გაირღვა დროის საზღვრები და შეიქმნა ერთი განზომილება, სადაც უკვდავსაყოფად არსებობს აზრთა თანმიმდევრობა ერთ სიგრძეზე და ვხედავთ მის კავშირს ილიასთან.
ამიტომ, უსაზღვროა მისი აქტუალობა დღეს. მეცხრამეტე საუკუნეში წერდა კაცზე, რომლის ცხოვრების მიზანიც გაუგებარი დარჩა და მასში ვეძებდით ადამიანის სახეს, წერდა ბიჭზე, რომელსაც ვუყურებდით სარჩობელაზედ დასჯილს და ხმას არ ვიღებდით, წერდა ქვრივზე, ჩვენთვის ქალის იდეალური სახე რომ შეექმნა, წერდა ქართველ მეომარზე, უმაღლესი რანგის რაინდობაზე და წერდა ერზე, საზოგადოებაზე, ყველას ისტორიაზე, თქვენზე, ჩემზე, ოღონდ მეცხრამეტე საუკუნეში და მაინც მგონია სწორედ დღეს წერს. რადგან ახლა, ისე როგორც არასდროს, (არც მეოცე საუკუნეს არცერთ ნახევარში,) არამედ დღეს, აქტუალურია, მეც მეხება და შეეხება მთელ რიგ საზოგადო პრობლემებს, ისევ დენაციონალიზაციას, რუსიფიკაციას, ისტორიის დავიწყებასა და ერის სახეცვლილებას.
ილიას უნიკალურობაა ის, რომ იგი იყო, არის და იქნება, სამივე დროის ერთ მთლიანობაში. ილია იყო მოაზროვნე, რომელმაც შექმნა მთელი რიგი იდეოლოგიური წყობა, მაგრამ ეს მხოლოდ მინიმუმია, რადგან ილიამ გაარღვია და გააქრო დრო.
მისი პუბლიცისტური წერილები დღევანდელ დროში დაწერილს ჰგავს. ეს მსხვილი ფორმის ნაწარმოებები, რომელნიც ერთში მრავალ თემას და თითოეული თემის განხილვას იტევენ, ამ ცოდნის მარცვლებით (სწორედ სინათლის სხივი და ცოდნის მარცვალია ილიას წერილები), აღვიძებს მკითხველში იმ ზოგჯერ მიძინებულ არსებას, სულს, უძრაობას, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება შემოგვეხვიოს სუროსავით კაცებს. თუ ადამიანებს? ვინ იყო და არის კაცთაგან ადამიანის ჭეშმარიტი ღირებულებების მატარებელი? აქ, აუცილებლად ამოტივტივდება ცნობილი სატირა და მასში დასმული საუკუნო შეკითხვა „ყველა კაცია-ადამიანი?!“, რომელიც ათწლეულებია პასუხს თითოოროლად იღებს. მიზანი კი ერთადერთია - ქართველი ერის გამოღვიძება, განთითოკაცობის აღმოფხვრა.
რაღა უნდა შეექმნა მეტი? ილია, რომელმაც შექმნა ახალი, ყველასთვის ხელმისაწვდომი ქართული ენა, იმისათვის, რომ გაერთიანებულიყო ქვეყანა. უნივერსალურ, სამუდამო, ყველა დროში აქტუალურ, თანამედროვე და მარადიულ საკითხებზე იაზროვნა, იდარდა, წერა და აი, მგონია, რომ ახლა ცხოვრობს ჩვენთან. ყოველი გადაფურცვლა, შეხება მის წერილებთან, ნაშრომებთან, თხზულებებთან არის საუბარი დღევანდელობაზე.
თუმცა ილიამ ხომ მთავარი შეძლო. სწორედ იმ სიყვარულით, სიძულვილად რომ ჩანდა. ეს იდეები სამუდამოა. საუკუნეების შემდეგაც არის უდიდესი შემწე და ნუგეში, მომავლის იმედის ჩამსახველი. დაგვარწმუნა, რომ თავდაუზოგავი სწავლითა და შრომით ნათელი მერმისი იქმნება. თითოეული გამოწვევით შექმნა და ჩამოაყალიბა ილიამ დრო ერთ განზომილებად და ჟამთა ბრუნვა გაქრა. ილია ყველა დროშია. ილია ყველა დროს ერგება, საკუთარი შემოქმედების ერთიანობით - დიდი გასაღებით.
რა იქნებოდა, რომ ერისთვის მხსნელად მოვლენილი ადამიანი, არ მოეკლათ? რას შესწირეს, საქართველოს იდეას? თავისუფლების იდეა მოკლეს წიწამურთან? ილიას მკვლელობით გამწარებულ ვაჟა-ფშაველას აღმოხდა: „ილიას მკვლელებს რომ შეეძლოთ საქართველოს მოჰკლავდნენ...“
ხშირად მიფიქრია, იმ ეპოქაში ილიას თანამედროვე რომ ვყოფილიყავი, შევძლებდი კი გამეაზრებინა მისი გენიალურობა? მივმხვდარიყავი, რომ ის იქნებოდა თანამედროვე მაშინაც, მეოცე და ოცდამეერთე საუკუნეებშიც?! პასუხი ჯერ არ მაქვს.
ილია მაინც მოკლეს.
მე ის გითხარით, რატომ ვერ მოკლეს.
პიროვნებები ხომ თავიანთი დანატოვრით, ისტორიის ფურცლებზე ღირსეული წყაროებით უკვდავად ცოცხლობენ.