დამოუკიდებელი საქართველო და 21-ე საუკუნის გამოწვევები
დამოუკიდებელი საქართველო და 21-ე საუკუნის გამოწვევები
დავით კობიაშვილი
May 21, 2022
26 მაისი მნიშვნელოვანი თარიღია საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. ეს ის დღეა, როდესაც ქართველებმა გვერდზე გადადეს პირადი შუღლი და გაერთიანდნენ საერთო, სანუკვარი, მონატრებული და დიდებული მიზნის გარშემო. მიზნის, სახელად საქართველოს დამოუკიდებლობა. ვინ მოთვლის, რამდენი სახელოვანი ვაჟკაცი შეეწირა თავისუფლად ცხოვრების წადილს. რამდენი მიებარა მიწას უდროოდ იმისთვის, რომ დღეს ქართულად გვესაუბრა, რამდენი ვაჟი დაემშვიდოაბა წუთისოფელს მისი გემოს გაგების გარეშე მხოლოდ იმიტომ, რომ შვილების თაობას ძირძველი ტრადიციების თანახმად მოეგონებინა მამა-პაპა. 1989 წელს კიდევ ერთხელ გავიღეთ მტკივნეული საზღაური და ამით დასაბამი მიეცა საუკუნოვან ოცნებად ქცეულ დამოუკიდებლობის აღდგენას, ახალ თაობას ერგო თავისუფალ საქართველოში დაბადების პატივი. საცაა კიდევ ერთხელ ამოვა 26 მაისის მზე. გათენდება დღე დიდებული, დღე გასხივოსნებული, მაგრამ ამ ბედნიერების ჟამს ნუ დაგვავიწყდება, რომ დამოუკიდებლობა არის განმგრძობი და ურთულესი პროცესი, მას ახასიათებს გამოწვევები, რომლებიც საჭიროებენ აღმოფხვრას. წინამდებარე ნაშრომი სწორედ დღევანდელობის საჭირბოროტო საკითხებს და ისტორიის რამდენიმე ფურცელს მიეძღვნება.
ვფიქრობ, 21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე დიდი გამოწვევა არის ქვეყნის შიგნით არსებული განხეთქილება. საზოგადოება პოლარიზებულია, დაყოფილია ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ხედვების მქონე ბანაკებად, რომლებიც ჯიუტად იმეორებენ თავისას და არც ერთი მხარე არ განიხილავს კომპრომისის შესაძლებლობას. ეს ქვეყანას სავალალო შედეგებამდე მიიყვანს, რადგან როგორც ისტორიული გამოცდილება გვიჩვენებს, დაქსაქსული საზოგადოება ვერ ვითარდება, და მეტიც, განიცდის რეგრესს. ეროვნული კონსოლიდაცია გახდა ჩვენი პრობლემა და დროა ვიზრუნოთ მის გამოსწორებაზე.
არანაკლებ მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების ფორმირება და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლება. დრომოჭმულია ხედვა, რომ მხოლოდ სახელმწიფო მოხელეა ვალდებული იზრუნოს ქვეყნის კეთილდღეობაზე. თითოეულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს გათვითცნობიერებული საკუთარი როლი და მნიშვნელობა ქვეყნის წინსვლაში. საქართველოში უკვე არსებობენ პროფკავშირები და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ზრუნავენ გარემოს დაცვაზე, იკვლევენ კორუფციას და ა.შ. მაგრამ საჭიროა უფრო მეტი ჩართულობა. სამწუხაროდ დღესაც არის საზოგადოების ნაწილი, რომელიც სკეპტიკურად უყურებს ყოველივე ზემოხსენებულს და მიჯნავს საკუთარ თავს მსგავსი აქტივობებისგან. ჩემი აზრით, დროა ავუხსნათ მოსახლეობის ამ ნაწილს სამოქალაქო საზოგადოების რაობა და მათი პოზიტიური გავლენა ქვეყანაზე. ესეც გამოწვევაა, რომლის აღმოფხვრაც დაუღალავ შრომას საჭიროებს.
საქართველოს საბჭოთა ბანაკში ყოფნამ უარყოფითი გავლენა იქონია ჩვენს მენტალობაზე. მემარცხენე, კომუნისტური იდეოლოგიის მქონე სახელმწიფოში ყოფნამ შეცვალა ჩვენი ცნობიერება, კერძოდ: აღგავა ინდივიდის მნიშვნელობა ქვეყნის სარბიელზე, მოიშალა დამოუკიდებელი საბაზრო ეკონომიკა, ნაციონალიზმმა ფასი დაკარგა, გაქრა ლიბერალურ-დემოკრატიური ღირებულებები და ყველაფერი სხვა, რის დამკვიდრებასაც ცდილობდა საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობა. სამწუხაროდ საბჭოთა ეპოქის მენტალიტეტი დღემდე იგრძნობა საქართველოში. მაგალითად, როდესაც ინდივიდის უნიკალურობას დამცინავად უყურებენ და შეურაცხყოფენ მას, როდესაც გვესმის კორუფციული გარიგებები სახელმწიფო დონეზე, როდესაც „სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირი“ გამხდარა, როდესაც ადგილი აქვს ბელადომანიას და ტოტალიტარიზმისკენ სწრაფვას. სსრკ-ს გავლენებისგან განთავისუფლება არის კიდევ ერთი სირთულე, რომლის დასაძლევადაც ყველაფერი უნდა ვიღონოთ.
აუცილებელია გავათვითცნობიეროთ, რომ გამოხატვის თავისუფლება არის 21-ე საუკუნის მონაპოვარი, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ და არ შეიძლება ინდივიდის გარიყვა მისი შეხედულებების გამო.
ისტორიული გამოცდილებიდან და დღევანდელობიდან გამომდინარე შეილება ითქვას, რომ საქართველოს წილად ხვდა რთული რეგიონი. კავკასია, ეს „ჩრდილოეთის კარიბჭედ“ წოდებული, აბრეშუმის გზასთან ერთად, დიდ თავდაცვით და ეკონომიკურ უპირატესობას ანიჭბდა მის მფლობელს. შესაბამისად, კავკასიაზე მუდამ იკვეთებოდა ანტაგონისტური სახელმწიფოების ინტერესები, რაც უარყოფითად ისახებოდა ქვეყნის განვითარებაზე. ოსმალეთის იმპერია და სეფიანთა ირანი, ბიზანტია და სასანიდური ირანი, რომი და პართია, არაბთა ლაშქრობები, მონღოლთა შემოსევები, რუსეთი... ვინ მოთვლის, რამდენჯერ სისხლით შეღებილა საქართველოს მდელოები. ერთი შეხედვით დრო შეიცვალა, მაგრამ დღევანდელ საქართველოსაც ისევ მწვავედ უდგას უსაფრთხო განვითარების და სტაბილურობის საკითხი. რუსეთს, ამ „ბოროტების იმპერიის“ მემკვიდრეს, სურს ძველი „დიდების“ დაბრუნება და მაშასადამე სურს ჩვენი სუვერენიტეტის და დასავლური ღირებულებების ხელყოფა. უკრაინაში შექმნილ ვითარებას თუ დავუკვირდებით, მივხვდებით, რომ რუსეთის მხრიდან ღია და აშკარა სამხედრო ინტერვენციის შესაძლებლობა კვლავ არსებობს, მიუხედავად 21-ე საუკუნისა. ამ გამოწვევას თვალი უნდა გავუსწოროთ და გამოსავალზე კონსოლიდირებულად ვიფიქროთ.
ასევე მწვავედ დგას ტერიტორიული მთლიანობის საკითხი. ვინაიდან ჩვენ ვესაზღვერბით იმპერიული მისწრაფებების მქონე სახელმწიფოს, რომელიც უპირატესობას ანიჭებს წამოჭრილი საკითხის სამხედრო-ტექნიკური გზით გადაჭრას, საჭიროა ძლიერი თავდაცვითი ძალების შექმნა, რომელიც დაკომპლექტებული იქნება დასავლური არსენალით. პრობლემური საკითხია, რომ საქართველო, რომლის 20% ოკუპირებულია, რეგიონში მშპ-ს რაოდენობით ყველაზე ცოტა რესურსს ხარჯავს ქვეყნის თავდაცვითუნარიანობაზე. შეიარაღებული ძალების რაოდენობის გაზრდა სულაც არ წარმოგვაჩენს აგრესიულ და ექპანსიონისტ სახელმწიფოდ, მაგალითად შვეიცარია, რომელიც საუკუნეებია ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს, ყოველწლიურად ანახლებს საკუთარ შეიარაღებას და მილიარდობით აშშ დოლარს გამოყოფს ამ საქმისთვის. იგივეს იმეორებს ნეიტრალური შვედეთი. ნიშნავს ეს იმას, რომ შვედეთი და შვეიცარია აგრესიული სახელმწიფოები არიან? ცხადია არა.
კიდევ ერთი პოლიტიკური გამოწვევა გახლავთ ეკონომიკური დამოუკიდებლობის არ ქონა. უკვე ვისაუბრე, რომ რთული გეოგრაფიული მდებარეობა გვაქვს და ყველანაირად უნდა ვეცადოთ მდგომარეობის შემსუბუქებას. დღევანდელი საქართველოს ტერიტორია არ არის სრულად ათვისებული, რადგან ჩვენ ვხედავთ დაცარიელებულ მთის სოფლებს, ნაყოფიერ,მაგრამ გაუკაცრიებულ ველებს და დიდძალ წყლის რესურსებს, რომელთა არასწორად გამოყენებასაც აქვს ადგილი. სახელმწიფო და საზოგადოება უნდა ეცადოს მერკანტილისტური საბაზრო ეკონომიკის გატარებას, უნდა შემუშავდეს სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ქვეყნის მიწის ყოველი გოჯი გამოყენებული უნდა იქნას სოფლის მეურნეობისთვის, ნედლეულის მოპოვებისა და საწარმოებისათვის. მაქსიმალურად უნდა დაწინაურდეს ადგილობრივი ნაწარმი და შეიზღუდოს იმპორტირებული პროდუქტი.
საქართველოს დღის წესრიგში ასევე დგას ევროინტეგრაცია, დემოკრატიული ინსტიტუციების მშენებობა და ევროპულ ოჯახში საკუთარი ადგილის მყარად დამკვიდრება. „მე ვარ ქართველი, და მაშასადამე, ვარ ევროპელი“ - ზურაბ ჟვანიას ეს სიტყვები, ვფიქრობ, ნათლად ასახავს საქართველოს პრო-დასავლურ ორიენტაციას და ჩვენს კულტურულ თუ მენტალურ სიახლოვეს ევროპულ ცივილიზაციებთან. ეს სიახლოვე საუკუნეებს ითვლის. ისტორიულად ჩვენ მუდამ ვილტვოდით დასავლეთისკენ, თუნდაც ეს პოლიტიკურად წამგებიანი ყოფილიყო. ჯერ კიდევ VI-VII საუკუნეების მიჯნაზე, როდესაც ბიზანტია-ირანის ომში სავსებით აშკარად იკვეთებოდა ირანის უპირატესობა და იგი აიძულებდა კავკასიელ ხალხებს მონოფიზიტურ მრწამსზე მოქცევას, საქართველო იყო ერთადერთი, რომელიც მტკიცედ და გადაჭრით დაიჭირა ბიზანტიის მხარე - ესე იგი აირჩია დასავლეთი. ხსენებული გადაწყვეტილება ფაქტიურად ვაბანკზე წასვლას და ქყვეყნის არსებობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას ნიშნავდა, რადგან იმ ხანად ბიზანტიას აღარ შეეძლო საქართველოსთვის დახმარების გაწევა, მაგრამ ყველა სირთულის მიუხედავად, საქართველომ უერთგულა დასავლულ ღირებულებებს. 1921 წლის კონსტიტუცია და მასში შემავალი მუხლები ცხადყოფს საქართველოს ევროპულ და პროგრესულ აზროვნებას, ტოლერანტობას, რომელიც აისახა ჩვენს კანონებში. გავიხსენოთ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ყოფილი საგარეო საქმათა მინისტრი ჰანს-დიტრიხ გენშერის ციტატა ამავე კონსტიტუციის შესახებ - „კონსტიტუციის ტექსტი ერთ-ერთი პროგრესული იყო ევროპის კონტინენტზე. უკვე მაშინ აღიარებდა იგი ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა თავისუფლება, დემოკრატია და სამართლებრივი სახელმწიფო, რომელსაც დღევანდელი ევროპა ეყრდნობა“. დღეს კი, 21-ე საუკუნის საქართველო ყველაზე ახლოსაა ევროპულ სახელმწიფოებთან ურთიერთობაში და დღეს ყველაზე რეალურია თაობებისთვის მიუღწეველი ოცნების ასრულება და ევროპის კარში შესვლა. ეს გამოწვევა და შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს ჩვენმა თაობამ.
დასკვნის სახით კი შეიძლება ითქვას, რომ 21-ე საუკუნის საქართველოს ისევე აქვს საკუთარი, სპეციფიკური გამოწვევები, როგორც ნებისმიერი სხვა ეპოქისას. დამოუკიდებლობა, ეს ლომთა ხვედრად წოდებული, ერთგვარი ლოკომოტივი და საწინდარია ქვეყნის კულტურული, ეკონომიკური, სამეცნიერო, სამხედრო და სულიერი პროგრესის. დედა-ბურჯია, რომელზეც შეიძლება ააგო ქვეყნის ნათელი მომავალი. დიახ, გამოწვევები არსებობს, მაგრამ ისინი დაძლევადია, თვითგვემას არ უნდა მივეცეთ. მრავალსაუკუნოვან საქართველოს ბევრი განსაცდელი გამოუვლია და მე მჯერა, რომ დღევანდელ პრობლემებსაც გავუმკლავდებით, ისინი დაძლევადია, თუკი დაუღალავად ვიშრომებთ.