ბავშვობაში დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ძალიან მიხაროდა.დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირზე ოჯახთან ერთად ვსეირნობდი, ვათვალიერებდი სამხედრო მანქანებს, აღჭურვილობას და ძალიან მომწონდა.
მეცხრე კლასში ვარ, საქართველოს ისტორიას ვსწავლობ და ასევე მიხარია ეს დღე, თუმცა ეს სიხარული დამძიმებულია პასუხისმგებლობით, რომელიც მააზრებინებს წინაპრების ღვაწლს, დღევანდელობამდე მოსვლის გზას - დამოუკიდებლობის ფასსა და საზღაურს. ამ ფიქრის საფუძველზე იბადება თავისუფლების შეგრძნება, ის, რაც გვაცოცხლებს და მომავლის იმედს გვაძლევს. „სამშობლო არის ადგილი, სადაც დაიბადა ადამიანი და სადაც ცხოვრობს’’, - ესაა მარტივი განმარტება ამ ცნების, რომელსაც ღრმა ფესვი, დიდი სიყვარული და ამოუცნობი განცდები ახლავს.
„სამშობლო მხოლოდ მინდორ-ველი და მთები არაა, სამშობლო ადამიანიცაა“. სამშობლო გულის ფეთქვაა, სიყვარულია, იმედია, სევდაა, წარმატებაა, ტკივილია. ფრენაც არის და აღმაფრენაც, დამარცხებაც და დანარცხებაც.
„ადამიანი ჰგავს იმ ქვეყანას, რომელსაც მისი სამშობლო ჰქვია“. ჰგავს ქვეყანას, რომელიც ყველაზე დიდი საგანძურია სამყაროში, სამშობლოს - რომელთანაც უხილავი ფესვებით არის მიბმული. ამ ფესვების გამაგრებისათვის უნდა იშრომოს - დამოუკიდებლობის ფასი გადაიხადოს!
ადამიანი, სადაც არ უნდა გადააგდოს ცხოვრებამ, უკანასკნელსღა გზა თავის მიწა-წყალზე უნდა რომ განვლო. ეს თითოეული სულდგმულის მიწის ყივილია.
მე ეს გზა ავირჩიე,შენ - ის,ის სხვას აირჩევს. ყველა თავის გზას მიუყვება, მთავარი ისაა, დაცარიელებული არ მიუყვებოდე.
ნებისმიერი წარმატება, წინსვლა და ბედნიერების განცდა, რომლის პატარა ძაფი მაინც არ არის მშობლიურ მხარეზე ,ან მიწაზე მიბმული, არასრული და არასრულფასოვანია. გგონია ბედნიერი ხარ,მაგრამ გულში ყოველთვის გაქვს სიცარიელე, რომელიც იარსებებს იქამდე, სანამ შენი სახლის სუნს არ შეიგრძნობ.
დღეს ჩემი ქვეყანა თავისუფალია, ყოველწლიურად ვზეიმობთ და აღვნიშნავთ დამოუკიდებლობის დღეს. ბევრს ვლაპარაკობთ წინაპრების ღვაწლზე, თავგანწირვაზე, თუმცა ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ არ გვაქვს გააზრებული - მთავარი ბრძოლა წინ გვაქვს! დამოუკიდებლობას შენარჩუნება უნდა, რაც უდიდესი ფასის და საზღაურის გადახდით შეიძლება მხოლოდ , ეს არის დაუღალავი შრომა, სწავლა და ურყევი ღირებულებები.
თითოეული ჩვენი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენს სამშობლოში ხის დარგვის ტოლფასია. დარგავ, მორწყავ, მოუვლი და შედეგიც არ დააყოვნებს .მხოლოდ დაუღალავი შრომით მიიღწევა შედეგი, როგორც ილია ჭავჭავაძე იტყოდა, ,,მოძრაობა და მოძრაობა არის ქვეყნისათვის ძალისა და სიცოცხლის მიმცემი''.
„სამშობლო ისეთი უსაშველო ფენომენია, რომელსაც ასაკი არ გააჩნია“,-ამბობს ნოდარ დუმბაძე და ალბათ, იმდენნაირია სამშობლო, რამდენი ადამიანიც არსებობს.
არაფერია მარადიული, სიყვარულის გარდა, ნამდვილი სიყვარულის განცდა კი მხოლოდ თავგანწირვას და შრომას მოაქვს. ,,ვინც კარგად ემსახურება სამშობლოს, იგი უდიდგვაროდაც დიდია’’, ამ შრომის ნაყოფით მოპოვებული თითოეული წინგადადგმული ნაბიჯი,წინსვლა, უკეთესი ცხოვრების გასაღებია, იმ ცხოვრების, სადაც ბავშვის ცრემლები პასუხგაუცემლად არ ორთქლდება... იმ ცხოვრების, სადაც ყველას აქვს სიტყვის უფლება, იმ ცხოვრების,სადაც ადამიანებს არ არჩევენ და არ ყოფენ, ცხოვრების, სადაც ბედნიერება არ ასოცირდება მატერიალურთან, სადაც სიყვარული ღმერთთან სიახლოვეა, სადაც ადამიანები სითბოსა და სიკეთეს უანგაროდ გასცემენ, იმ ცხოვრების, სადაც შენს განათლებას ქვეყანას მოახმარ, იმ ცხოვრების, სადაც არსებობს ერთიანობა! სწორედ ეს არის სამშობლოსთვის ბრძოლა,დამოუკიდებლობის ფასი და საზღაური.
ყველაფერი წარმავალია ცხოვრებაში. ოდესმე ყველა მოვხუცდებით და თითოეული ნაოჭი უნდა მეტყველებდეს დაუღალავ შრომაზე, რომელიც მთელი სიცოცხლის განმავლობაში საქართველოსთვის უნდა გავწიოთ.
ღმერთმა გვაჩუქა ქვეყანა,რომელსაც უძველესი ისტორია, კულტურა და შინაარსი აქვს. ჩვენი ვალია, მას მოვუფრთხილდეთ, გავაძლიეროთ,განვავითაროთ და ჩვენც განვვითარდეთ. განათლება და ჩვენი მუხლჩაუხრელი შრომა ის გმირობაა, რომელსაც დღეს ისტორიის წიგნებში ვკითხულობთ და ვსწავლობთ. ეს არის ჩვენი ომი, რომელიც აუცილებლად უნდა მოვიგოთ. არ მივიმალოთ ჩრდილში, არ შევერიოთ ბრბოს, თვალი არ დავხუჭოთ უსამართლობაზე, თამამად ვუპასუხოთ გამოწვევებს. მხოლოდ ასე შევქმნით სამშობლოს ნათელ მომავალს.
ამ ფასითა და საზღაურით შევინარჩუნებთ დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას, შევქმნით ძლიერ ქვეყანას, რომელსაც თითოეულისთვის ერთი საერთო სახელი აქვს - სამშობლო!