ჩემი ქვეყნის ისტორია შორეული წარსულიდან რომ იწყება, ბავშვობიდან კარგად ვიცი. ისიც პატარა ასაკიდან ვიცი, რომ ამ დიადი, საინტერესო ისტორიის მანძილზე უამრავი შავ-ბნელი დღე გამოგვივლია. მახსოვს, პირველად როგორ ვიკითხე სიტყვა ,,ოკუპაცია“ რას ნიშნავს - მეთქი. პასუხიც მარტივი მივიღე - ოკუპირებული ის ტერიტორიაა, რომელსაც სხვა სახელმწიფო დროებით გვართმევსო. მახსოვს როგორ გამიხარდა იმის გაგება, რომ ჩემი ქვეყანა დამოუკიდებელია (მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს კარგად არც მესმოდა, რას ნიშნავდა დამოუკიდებლობა და, მით უმეტეს, თავისუფლება). ახლა კი ვხვდები, რომ დამოუკიდებლობა გვაძლევს საშუალებას გავხდეთ თავისუფლები და ამ საშუალებას დღეს გამოყენება სჭირდება. აუცილებელია მომავალმა თაობამ იცოდეს თავისუფლების „გემო“ და დამოუკიდებლობის არსი, რათა სამომავლოდ სწორად შევძლოთ ორივე მცნების გამოყენება. ამიტომ არის განათლება მნიშვნელოვანი - თავისუფლების ,,პრივილეგიით“ განათლებული ადამიანი სარგებლობს და მხოლოდ ქონებრივი უზრუნველყოფა არ არის საკმარისი დამოუკიდებლობისთვის - ამას აუცილებლად სჭირდება ერის მზადყოფნა და გონებრივი სიმწიფე.
მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეებში მოღვაწე სულხან-საბა ორბელიანი თავის „სიტყვის კონაში“ თავისუფლებას ამგვარად განმარტავდა - „არავისი მონა“. მიუხედავად იმისა, რომ სამი საუკუნის წინ ეს ორი მცნება უკვე გამიჯნული იყო, ერთმანეთში აღრევა ხშირად ხდება თანამედროვე სამყაროშიც. მონობას ხშირად გვერდით მშვიდობის მცნებას მიუყენებენ ხოლმე და ადამიანს ამგვარ კითხვას უსვამენ : „რა გირჩევნიათ, მშვიდობით სიცოცხლე მონობაში თუ თავისუფლების ძებნაში ცხოვრება?“ ადამიანებმა იციან, რომ მეორე ბევრად რთულია, ვიდრე ყველაფერი დანარჩენი და ის ფრაზაც ხშირად გაუგონიათ, რომ ამბობენ, თავისუფლება ლომთა ხვედრიაო, რაზეც ხშირად გაიფიქრებენ ხოლმე, თუ ლომთა ხვედრია, მაშ მე რაღად მომხვდეს ტყვია და მე რად დავშავდე, მე ხომ არ ვარ ლომიო და მონობაში სიცოცხლეს ამჯობინებენ, რადგან არ იციან, რომ მათაც შეუძლიათ გახდნენ ლომები, ან დედალოსის მიერ ნაჩუქარი ბუმბულებისგან შეკრან ფრთები და გაფრინდნენ. მერე რა, რომ შეიძლება თავისუფლების პოვნისას აღარც ერთი ბუმბული აღარ დაგვრჩეს მთელი? ნამდვილი მშვიდობა სწორედ იქ გვხვდება, სადაც თავისუფლებაა, ამ მშვიდობისა და თავისუფლების ფასი კი არ აქვს არც ერთ დაკარგულ ბუმბულს. ჩემმა ქვეყანამ ბევრი იომა, ბევრი სისხლი დაღვარა... ჩვენს დროშას ხვრეტდნენ, ხევდნენ, ფეხით თელავდნენ.. დაგვიპყრეს თურქებმა, სპარსელებმა, რუსებმა... ვიშრომეთ, წამოვდექით, ვიბრძოლეთ - თავისუფლებისთვის... 1918 და 1991 წლებში აღდგენილი დამოუკიდებლობა ნათელი მაგალითია იმისა, რომ არაფერია შეუძლებელი და ნებისმიერი ბოროტების იმპერია ინგრევა. ინგრევა კედელიც, რომელსაც რეჟიმი თავისუფლებაწართმეული ადამიანებისგან აშენებს. ჩვენ დღემდე შევინარჩუნეთ ყველაზე მთავარი ღირებულება, რომელიც ცალკეული ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უფლებაა, თავისუფალ სახელმწიფოს კი ის თავისუფალი ინდივიდები აყალიბებენ, რომლებმაც ამ დიდი ღირებულების დაცვა გადაწყვიტეს. ვერასდროს ჩამოყალიბდება თავისუფალი სახელმწიფო იქ, სადაც პიროვნება დამონებულია, რადგან ქვეყნის და ინდივიდის თავისუფლება მჭიდროდ არის დაკავშირებული. ამაზე წერდა ვაჟა-ფშაველა თავის პუბლიცისტურ წერილში „რა არის თავისუფლება“ – „თავისუფლებამოქმედებაა, განხორციელებაანებისა, აზრისა, გრძნობისადაარაგანსვენება, უქმადყოფნა. თავისუფლებაპიროვნებისადაერისაერთმანეთთანმჭიდროდარისდაკავშირებული. სადაცარააპიროვნებათავისუფალი, იქერიდამონებულიადადამონებულერში, რათქმაუნდა, პიროვნებაცმონაა, უთავისუფლო, სხვისხელშისათამაშონივთი.“
თავისუფლების უფლება კაცობრიობის შექმნის დღესვე გვიბოძა ბუნებამ და ახლა მისი არსებობა ჩვენს ხელთაა, ჩემი ქვეყნის მომავალი კი დღეს სასწორზე დევს. მე დამოუკიდებელი ქვეყნის მომავალი ვარ. გზა, რომელიც თავისუფლებამდე მიმიყვანს - განათლებაა. მე ვქმნი საზოგადოებას, რომელიც ძლიერ სახელმწიფოს შექმნის და მჯერა, რომ ჩემი არჩეული თავისუფლების გზა ერთადერთი სწორი არჩევანია, რომელზეც უამრავი ეკალი და დაბრკოლება შეგვხვდება, თუმცა ბოლოს მაინც მივაღწევთ ედემის ბაღს. ვთვლი, რომ ჩვენი უფლებების, ბედნიერების, მშვიდობის, საკუთარ თავში ღმერთისა და ადამიანური ბუნების, საკუთარი ღირებულებებისა და პრინციპების დასაცავად, დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დასაცავად ბრძოლა ყოველთვის ღირს!