იყო ადამიანი - პასუხისმგებლობაა. გქონდეს აზროვნების, ანალიზის, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების აღქმისა და გრძნობის უნარი - ესეც პასუხისმგებლობაა. ჩვენ ამ ქვეყნად მოვდივართ პასუხისმგებლობებით და მიუხედავად იმისა, რომ აქ, სიტყვა ,,ჩვენ’’-ში, პლანეტის ყველა ქმნილება იგულისხმება, მაინც, ადამიანების შემთხვევაში ეს პასუხისმგებლობა ყველაზე დიდია. მაგალითად მე, რომელიც ახლა ამ თემას ვწერ, მე შემიძლია გავიაზრო ჩემი თითების მოძრაობა, შევხედო და აღვიქვა ის, რასაც ვწერ, თუმცა ის, რომ ამ შესაძლებლობების ქონის პოტენციალი მე დაბადებიდანვე დამყვა, რადგან დავიბადე ადამიანად, არ დამიმსახურებია. ცხადია, არა მარტო მე, რადგან პატარა ჩვილი, რომელიც სამყაროს ევლინება, ვერც თავის მომავალს გადაწყვეტს და ვერც ადამიანად დაბადებას დაიმსახურებს უშუალოდ ქვეყანას მოვლენამდე. მოდით, დავსვათ კითხვა რა არის იმის გზა/ საშუალებები, რომ გავიაზროთ ეს პასუხისმგებლობა და ვიცხოვროთ ისე, როგორც 21-ე საუკუნის ცივილიზებულ, დამოუკიდებელ ადამიანს შეეფერება და თან ეს ,,შეზღუდვა’’ სიმბიოტურ დამოკიდებულებაში ვამყოფოთ თავისუფლებასთან?
პირველ რიგში, თავისუფლება ჩვენს ნებას ნიშნავს. ასევე ნიშნავს ჩვენი ნების შესაბამისად მოქმედების შესაძლებლობას. ვფიქრობ, 21-ე საუკუნეში უკვე გავაანალიზეთ და შევითვისეთ თავისუფლების გემოცა და არსიც, რაც გვაიძულებს ჩვენი თავისთვის საჭირბოროტო გადაწყვეტილებების მიღება ჩვენით ვისწავლოთ. ეს არის ის გარემოება, რაც დამოუკიდებლად ყოფნას თან ერთვის. ათასწლეულების მანძილზე, როცა ისტორიისა და კაცობრიობის სათავეებში ქვეყანაზე პირველი ადამიანი გაჩნდა, მხოლოდ ცარიელი მიწა და მცენარეები იყო ირგვლივ, ასევე წყალი და სიცოცხლისთვის საჭირო ელემენტები, ბევრი პრიმიტიული განვითარების ადამიანი დროთა განმავლობაში იღუპებოდა გარემოს აუთვისებლობის გამო. თუმცა დროისა და ეპოქების გასვლასთან ერთად და სხვების სიკვდილის ყურების შემდეგ ეს პირველადის შთამომავალი და მათი შემყურე ადამიანები ფიქრობდნენ, ჰუმანოიდის ტვინის ფუნქციების ოდითგანვე განვითარებულობის საფუძველზე, რატომაც არა? და სინჯავდნენ, ცდიდნენ ახალ პროდუქტებს, ახალ მეთოდებს. ტვინის მოდელის დახვეწილობა ამ გრძელზე გრძელი, ეკლიანი, მსხვერპლითა და თანგანწირვით მოფენილი გზით დღევანდელ ადამიანამდე მოვიდა, თუმცა ჩვენ, პირველად ავსტრალოპითეკსაც და განვითარებულ ჰომო საპიენსსაც გვაერთიანებს ის, რომ ჩვენი გზა თავისუფლებით იწყება და როგორც იმ პირველმა პრიმიტიულმა არსებამ, ახლა ჩვენც უნდა ვთქვათ ,,რატომაც არა’’ და უნდა გავბედოთ ახლის ცდა. ნებისმიერი შედეგი, რასაც ეს რისკი მოგვიტანს, ჩვენთვის გამოცდილებაა და ცოდნა, რომელსაც ვიძენთ, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანია იმ ცოდნათა შორის, რომლის მიხედვითაც ჩვენი ცხოვრება სწორად და უსაფრთხოდ უნდა წარვმართოთ.
ეს, რაც შეეხებოდა დამოუკიდებლობის გრძნობის მნიშვნელობასა და ღირებულებითობას. მართალია ვახსენე მაგალითი პრიმიტიული ჰუმანოიდების შესახებ და პარალელი გავავლე მისი დღევანდელ ადამიანთან, რადგან ჩვენი ისტორია ისაა, რაშიც დღევანდელი დღის საფუძვლებს ვპოულობთ, თუმცა კვლავ, განსხვავება პალეოლითის ხანისა და ახალი ერის ადამიანთა შორის, დიდია. ეს განსხვავება ვრცელდება თავისუფლების მოტივებზეც, რადგან შვიდი მილიონი წლის წინანდელი ადამიანის დამოუკიდებლობისგან განსხვავებით, რომელიც უფრო იძულებისა და გაუაზრებლობის შედეგი იყო, ჩვენი თავისუფლება და დამოუკიდებელი ცხოვრების მნიშვნელობა თვითშეგნების ამაღლების საფუძველზე არსებობს, რადგან დღეს ყველა აღიარებს, რომ ადამიანის განვითარების დონე გვაძლევს საშუალებას მის თვითშეგნებაზე დაყრდნობითა და ნდობით ვაარსებოთ უსაფრთხოდ ისინიც და პლანეტაც. ამასთან, არაფერს ვიტყვი კონსტიტუციებსა და კანონმდებლობებზე, რომლებიც ადამიანების დაცვას გვავალდებულებს. თუმცა, ამ უკანასკნელი ფაქტებიდან აშკარად იკვეთება, რომ დამოუკიდებლობის განვითარებას, ასე ვიტყოდი, თან დაერთო რაღაც ,,ხელისშემშლელი გარემოებები’’ და გვესმის ბევრი წინადადება, დასაწყისით ,,ჩვენ უნდა...’’. თუმცა ისიც ფაქტია, რომ დამოუკიდებლობის მნიშვნელობა და არსებობა არასდროს ყოფილა ისე რეალიზებული, როგორიც დღესაა. მაშინ, რა შეგვიძლია ვთქვათ ,,ჩვენ უნდა...’’- ფრაზასა და დამოუკიდებლობაზე, თავისუფლებაზე?
უნდა ვთქვათ, რომ დამოუკიდებლად ცხოვრება უზადო გამბედაობას მოითხოვს. თუმცა მეორე ფაქტორი, რაც თავისუფალი ცხოვრების უსაფრთხოებისა და წარმატებულობის გარანტია არის ის, რომ შეცდომებზე ვისწავლოთ - ეს კი გარკვეულ შეზღუდვებს მოითხოვს და თუ, მაგალითად, აღმოჩნდა, რომ ბევრმა ტკბილეულმა კბილი გვატკინა, უნდა შევამციროთ მისი მიღების რაოდენობა, რამდენადაც ძნელი ან არასასურველი უნდა იყოს ეს ჩვენთვის. ეს არ ნიშნავს იმას, რომ თავისუფლება გვეზღუდება ან დამოუკიდებლად ვეღარ ვიმოქმედებთ, კბილის ტკივილის შიშით მისი გავლენის ქვეშ მოქცევის შედეგად, არამედ ტკბილეულის მიღების აკრძალვა ჩვენი თავის მიერვე უნდა მოხდეს ჩვენივე კეთილდღეობისთვის, რაც დამოუკიდებელი ნებაა და თავისუფალი ცხოვრების შედეგად მიღებული გამოცდილებაზე ნასწავლი გაკვეთილი. ამიტომ თავისუფლება და დამოუკიდებლობა, პირველ რიგში, ჩვენი გრძნობაა და გადაწყვეტილება. ,,შენ გგონია ეს კედლები, შენი ძაღლები თოფებით და ეს ჟანგიანი ბორკილები მართმევს თავისუფლებას? პირიქით, სულ კუბოსავით რომ შემივიწროვო საკანი ჩემზე თავისუფალი მაინც ვერ იქნები. შეიძლება ჩემი სიცოცხლე შენს იმპერატორს ეკუთვნის, მაგრამ მე არ ვეკუთვნი არავის.’’ - მხოლოდ და მხოლოდ ამ გრძნობას შეიძლება დაერქვას დამოუკიდებლობა, როცა გრძნობ და იაზრებ, რომ გადაწყვეტილება შენი მისაღებია, თუმცა იმასაც იაზრებ, რომ სწორად უნდა აირჩიო. ეს სწორი არჩევანი კი, ისევ შენი სურვილისამებრ, შენი ეგოს სურვილების საწინააღმდეგოდ ხორციელდება და უფრო მაღალ დონეზე დგები ვიდრე ადამიანი, როგოორც ბიოლოგიური არსებაა. უკვდავი ციტატა ,,ტიფლისის’’ სერიაშია გაჟღერებული. დამოუკიდებლობის კიდევ ერთი, საუკუნო მაგალითია ოთარ ჭილაძის ,,ადამიანი გაზეთის სვეტში’’, რაც პირველი იყო, რამაც თავისუფლებაზე დამაფიქრა. როცა ვსაუბრობთ თავისუფლებაზე, წარმოგვიდგება გართობა და იდეალური მიწიერი ცხოვრება? მაშინ თავისუფლებას კი არა, არასწორად არჩეულ გზას წარმოვიდგენთ, რადგან ის, რაც ოთარ ჭილაძის ნაწარმოებში კრუს ხიმენესმა ჩაიდინა, ღირსების ზენიტი და გმირობა იყო. მან შეასრულა ადამიანის ვალი და დაუტოვა კაცობრიობას თავისი დიადი სახელი - ადამიანი, კი სწორედ სახელისა და კვალის დატოვებისკენ უნდა ისწრაფვოდეს, რადგან მისი ცხოვრება წარმავალია და სხვას არაფერს აქვს მნიშვნელობა.
დღეისთვის ბოლო თემა, რომელსაც, უბრალოდ, გვერდს ვერ ავუვლით ის საკითხია, რითიც თემა დაიწყო. შეჯამების წინ, მინდა ორიოდე სიტყვა დავუთმო ამ საკითხს. მე ვისაუბრე იმაზე, თუ რა უნდა გააკეთოს ადამიანმა დამოუკიდებლობით, ასევე რა არ უნდა გააკეთოს მითი, რა უნდა იყოს ხალხისთვის დამოუკიდებლობა და რა არის მისი აზრი. თუმცა თვითონ ადამიანის არსებობის აზრი იმ ფონზე, როცა ყველა იბადება და კვდება, ცოტა აბსტრაქტულია ამქვეყნიურ სიკეთეებთან შედარებით. ეს მიზანი უკვე ვთქვი - დატოვოს თავისი კვალი დედამიწაზე ან შთამომავლობაზე. ამას ვერ გააკეთებს, თუ თავისი როლი არ შეგირძნო ამ ქვეყანაზე, თავისი პასუხისმგებლობა არ გაითავისა და არ მოეკიდა მას გაგებით. იმას კი, რაც გვევალება გათავისების შემდეგ, ვერ ავასრულებთ თუ არ გვაქვს გარეგანი თავისუფლებაც, მაგალითად ყველამ ვიცით ,,დათა თუთაშხია’’-ს მონაკვეთი არქიფო სეთურის მუშა-ხელის შესახებ. ცხადია მათ დაკარგეს ის ინდივიდუალიზმი და ნამდვილად საკამათო საკითხია, ახლა მათი ასე ყოფნა სჯობდა თუ გათავისუფლება, თუმცა ის საწყისი, რომ მათ გათავისებული არ ჰქონდათ ადამიანური პასუხისმგებლობა, ცხადია და მაგალითი იმისა, რომ ჩვენ უნდა გვქონდეს.
დროა მთელი ამ თემის შეჯამებისა. პირდაპირ გაეცა პასუხი კითხვებს, თუ რას გვაძლევს დამოუკიდებლობა და რატომ უნდა მივიღოთ ის, ან რატომ უნდა დავთმოთ ჩვენი ხორციელი სურვილი მის მისაღებად - ეს ადამიანური ვალის შესრულებაა, რომლისკენაც უნდა ვისწრაფვოდეთ. ასევე პასუხი გაეცა კითხვებს თუ რატომ თავისუფლება? რა უნდა იყოს ჩვენი მიზანი? და თუ მკითხველი კარგად დაფიქრდება, დამოუკიდებლობასთან დაკავშირებულ საკვანძო საკითხებზე პასუხსაც ტექსტში იპოვის. მე, კი საბოლოოდ ერთს ვიტყვი, კმაყოფილი იმ განცდით, რომ ჩემი თემა შედგა ყველა პირობით: დამოუკიდებლობა და მისი შეგრძნების შესაძლებლობა საჩუქარია და პასუხისმგებლობაა პირველ რიგში, ასევე მოვალეობაა, რომელის აღებაც ჩვენს თავზე ჩვენივე ნებით უნდა მოხდეს. ფაქტობრივად, დამოუკიდებლობა სესხს წააგავს, რომელსაც ბანკიდან ვიღებთ და რომელსაც ის იმ იმედით გვაძლევს, რომ პირნათლად დავაბრუნებთ პროცენტში. ამ უკანასკნელის გაკეთება სესხის დამტკიცების დღიდან კანონიერი მოვალეობა ხდება ჩვენი. ეს საბოლოო წინადადება იყო, ხოლო ამ უკანასკნელიდან დასკვნების გაკეთებას მკითხველს მივანდობ